ადვოკატი: დოკუმენტები, რომლის გასაჯაროებასაც გოგაშვილი აპირებდა, სანდო ხელშია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, დაკავებულ სოსო გოგაშვილის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, დოკუმენტები, რომლის გამოქვეყნებასაც გოგაშვილი რამდენიმე დღეში აპირებს, საზღვარგარეთ, "საიმედო ხელშია".

ჩინჩალაძის თქმით, აღნიშნული დოკუმენტები ყოფილი მაღალჩინოსნის განმარტებით, არჩევნების გაყალბებას ეხება.

„როგორც სოსო გოგაშვილი აცხადებს, ეს დოკუმენტები საზღვარგარეთ, სანდო ხელშია და უახლოეს დღეებში აპირებს მის გასაჯაროებას. არ ვიცი რა დადასტურდება ამ დოკუმენტებით, რაც შეეხება ბრალს, ჯერჯერობით მას ბრალი არ წარდგენია, დადგენილება პირის ბრალდების შესახებ არ გვინახავს, საქმის მასალებსაც არ ვიცნობთ.

13 რეგისტრირებული იარაღი აქვს ბატონ სოსო გოგაშვილს, შესაბამისად, რა საჭირო იყო, დამატებით, 2 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონოდა სახლში, აღნიშნული იარაღები მეუღლის საწოლიდან და მაისურების კარადიდან იქნა ამოღებული. როგორც გოგაშვილის მეუღლე აცხადებს, მან უშუალოდ დაინახა, თუ როგორ ჩადეს აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები და ასახელებს კონკრეტულ პიროვნებასაც, ეს გახლავთ გიორგი ღამბაშიძე“, - განაცხადა ჩინჩალაძემ.

კითხვაზე, მან მოახდინა თუ არა იარაღის „ჩადება“, ადვოკატი პასუხობს, რომ „სავარაუდოდ, კი“.

„სავარაუდოდ, ეს ის პირია და სხვა სამ პიროვნებასთან ერთად ფიზიკურად უსწორდებოდა სოსო გოგაშვილს. როგორც ბატონი სოსო აცხადებს, ღამბაშიძეს პირადი დაინტერესებაც ჰქონდა, ვინაიდან ჩემი გათავისუფლებულია სამსახურიდანო, ასე განაცხადა, ვერ გეტყვით, შური იძია თუ არა, მაგრამ ბატონი სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ მას პირადი მოტივებიც ამოძრავებს“, - განაცხადა ჩინჩალაძემ.

ცნობისთვის, 16 ივლისს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს.