ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის მთავარი თანაშემწე ამბობს, რომ მის ქვეყანას ბირთვული ბომბის წარმოებისთვის ტექნიკური შესაძლებლობები აქვს. მისი თქმით, შეერთებულ შტატებთან ბირთვულ შეთანხმებაზე დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკებები რთულია, რადგან მხარეებს შორის უნდობლობაა.
„საიდუმლო არ არის, რომ ჩვენ გვაქვს ტექნიკური შესაძლებლობები ბირთვული ბომბის წარმოებისთვის, მაგრამ შესაბამისი გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული”, - განუცხადა ირანის საგარეო ურთიერთობათა სტრატეგიული საბჭოს ხელმძღვანელმა, კამალ ხარაზიმ Al Jazeera-ს.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ერთობლივი სტრატეგიული დეკლარაცია გააფორმეს, რომელშიც აშშ პირობას დებს, რომ „ეროვნული ძალის ყველა ელემენტს“ გამოიყენებს, რათა ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება თავიდან აიცილოს.