აზერბაიჯანის ენერგეტიკულ სექტორში აუცილებელია უცხოელი ინვესტორების მოზიდვა, რადგან ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგშია ევროპაში ენერგომომარაგების გაზრდის საკითხი. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა ქანან ნაჯაფოვმა ADA უნივერსიტეტში ბაქოს მე-16 საზაფხულო ენერგეტიკული სკოლის გახსნაზე განაცხადა.
„ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებებია მეტი ინვესტორების მოზიდვა და, რა თქმა უნდა, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება“, - განაცხადა ნაჯაფოვმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანის დღის წესრიგში ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდების გაზრდის საკითხი შედის. ამასთან აზერბაიჯანი უკვე არის ენერგორესურსების საიმედო მიმწოდებელი და ამ თვალსაზრისით დიდი პერსპექტივებია.
ბაქოს მე-16 ენერგეტიკული საზაფხულო სკოლა ADA-ს უნივერსიტეტის განვითარებისა და დიპლომატიის ინსტიტუტის მხარდაჭერით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR), bp Azerbaijan, Kolin, Masdar და TotalEnergies-ის პარტნიორობით დაარსდა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო.
სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.
2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.