გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოში ხორბლის წარმოების გასაზრდელად აშშ მხარს დაგვიჭერს ,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, აშშ-ში ვიზიტისას ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში, აშშ-ის სიმინდისა და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრში და USAID-ში. შეხვედრების მთავარი თემა სასურსათო უსაფრთხოება და ხორბლის წარმოების გაზრდა იყო.
„ყველა ამ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სასურსათო უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. პარტნიორებს მივაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია ამ მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ხორბლის წარმოება გავზარდოთ და თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ. ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორის აშშ-ის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. შეხვედრებიდან გამომდინარე, მოლოდინი გვაქვს, რომ ამ კუთხით მხარდაჭერა გვექნება. სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე დაფიქსირდა, რომ დეპარტამენტი მზად არის დაიწყოს ღრმა კვლევა, ხორბლის წარმოების მთელი ღირებულებათა ჯაჭვის შესწავლა, რაც მოგვცემს ინფორმაციას თუ რა საჭიროებები არსებობს, ამ მიმართულებით, რომ დავგეგმოთ შესაბამისი ღონისძიებები. განწყობილი ვართ, რომ გვექნება აქტიური თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, რაც ვფიქრობ, დარგის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.