რუსეთის, თურქეთის და ირანის პრეზიდენტები თეირანში შეხვდებიან. ასტანას ფორმატის მოლაპარაკებების ფარგლებში ლიდერები ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავენ.
ერდოღანი ირანს 18-19 ივლისს ეწვევა.
პუტინის ვიზიტს წინ უძღვის თეთრი სახლის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანი ემზადება, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
როგორც სალივანი აღნიშნავს, რუსეთმა უკვე მარცხი განიცადა უკრაინაში საკუთარი დასახული მიზნების მიღწევაში, რადგან მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კიევი იყო.
„ჩვენი ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ ირანის მთავრობა ემზადება, რომ რუსეთს რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატი დაჩქარებულ ვადებში მიაწოდოს", - განაცხადა სალივანმა.
ჯერ უცნობია, განიხილება ეს საკითხი ხსენებული ვიზიტისას, თუმცა ირანმა უარყო აშშ-ის ბრალდებები რუსეთისთვის ირანული უპილოტო თვითმფრინავების შესაძლო გადაცემის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ სფეროში თანამშრომლობას ბოლო დროს განსაკუთრებული განვითარება არ ჰქონია.