სოსო გოგაშვილი: ჩემს მიმართ იყო არასათანადო, არაადამიანური მოპყრობა - სახელმწიფო მოხელეებს ასე არ უნდა ექცეოდნენ

ჩემს მიმართ იყო არასათანადო, არაადამიანური მოპყრობა, ჩემი ოჯახის წევრების წამება, არასრულწლოვანი ბავშების უდიდესი სტრესის ქვეშ ყოფნა. ჩემმა ყოფილმა თანამშრომლებმა აქ მომიყვანეს... კრიმინალებთან ერთად სოროში ვიყავი, სადაც არც ჰაერი იყო, კედლებზე ეწერა „ჟიზნ ვარამ“ და რაღაც უბედურებები. ადამიანებს სახელმწიფო მოხელეებს, ასე არ უნდა ექცეოდნენ, - ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„ბოლო შეურაცხყოფა რაც ვიგრძენი, იყო ის, რომ ჩემმა ყოფილმა თანამშრომლებმა აქ რომ მომიყვანეს... კრიმინალებთან ერთად სოროში ვიყავი, სადაც არც ჰაერი იყო, კედლებზე ეწერა „ჟიზნ ვარამ“ და რაღაც უბედურებები. ასე არ უნდა ხდებოდეს. ადამიანებს, სახელმწიფო მოხელეებს ასე არ უნდა ექცეოდნენ. ბრალდების მხარეს უნდა გრცხვენოდეთ, იმის ნაცვლად, რომ მე მიცავდეთ, ჩემთან ერთად იღებდეთ ინფორმაციას ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებზე, არც კი აღნიშნავთ იმ გარემოებებს, რაც ჩემ წინააღმდეგ განხორციელდა“,- განაცხადა გოგაშვილმა.


ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს. 

გოგაშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე, 157-ე და 236-ე მუხლებით ოფიციალურად წარედგინა, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბრალდება სოსო გოგაშვილს სხვა ბრალდებებთან ერთად 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვას ედავება, რომელიც 2021 წლის თებერვალში გავრცელდა.

„მეორე ეპიზოდი არის სამსახურეობრივი უფლებოსილების გადამეტება. ესეც შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს თითქოს სოსო გოგაშვილმა ეს მონაცემები მან უკანონოდ გამოიტანა სამსახურიდან.

მესამე ეპიზოდი არის ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება. აქაც კითხვის ნიშნები და აბსურდული რაღაცები ჩნდება. კერძოდ, 5 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, საიდანაც 2 არის სწორედ ის იარაღები, რაზეც ოჯახის წევრები მიუთითებს რომ მოხდა ამ იარაღების ჩადება, ხოლო 3 ცეცხლსასროლი ეკუთვნით დაცვის თანამშრომლებს", - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.


ასევე წაიკითხეთ: