ესპანეთი, პორტუგალია და საფრანგეთი ტყის მრავალრიცხოვან ხანძრებთან ბრძოლას განაგრძობენ.
განადგურებულია ათასობით ჰექტარი ტერიტორია. ესპანეთში ტყის ხანძარს მეხანძრე ემსხვერპლა. ესპანეთში 30-ზე მეტი აქტიური ხანძარია ექსტრემადურას, კასტილიისა და ლეონის, გალიციის, ანდალუსიისა და კატალონიის რეგიონებში. ხანძრის შედეგად დაახლოებით 20 000 ჰექტარი ტერიტორია დაზიანდა. კასტილიისა და ლეონის რეგიონში ერთი მეხანძრე გარდაიცვალა კვირას და მისი ორი დაშავებული კოლეგა საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაახლოებით 2 300 ევაკუირებული კვლავ ვერ ახერხებს საკუთარ სახლებში დაბრუნებას, რადგან საფრთხე არსებობს.
კვირას ესპანეთში ზედიზედ მეშვიდე დღეა 44º C-ზე მეტი დაფიქსირდა.
სამშაბათიდან მოსალოდნელია ტემპერატურის ვარდნა. პორტუგალიაში, Publico-ს ცნობით, დაახლოებით 800 მეხანძრე ებრძვის ოთხ აქტიურ ხანძარს. ქვეყნის 80-ზე მეტ მუნიციპალიტეტში ხანძრის ულტრა მაღალი საშიშროება რჩება. კვირას ორი მეხანძრე საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით გადაიყვანეს.
France Bleu-ს ცნობით, საფრანგეთში, ჟირონდის დეპარტამენტში სამხრეთ-დასავლეთით, ატლანტის ოკეანის სანაპიროსთან, ხანძარი მეექვსე დღეა მძვინვარებს. ორშაბათი ძალიან რთული იქნება ჰაერის ტემპერატურის 44°C-მდე მატებისა და ქარის მიმართულების მუდმივი ცვლილების გამო. ხანძარმა გაანადგურა 14 ათასი ჰექტარი ტერიტორია, აქედან 9 800 ჰექტარი ქალაქ ლანდირასის მიდამოში.