თურქეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში წლიური ინფლაციის დონე თითქმის 79%-იან ნიშნულზეა, რაც გასული 20 წლის პიკური მაჩვენებელია.
თურქული პროფესიული კავშირის „საჯარო მოხელეთა გაერთიანებული კონფედერაციის" ყოველთვიური კვლევა აჩვენებს, რომ რეალური წლიური ინფლაციის დონე 160% შეადგენს. ინფლაციის შეფასებისას ორგანიზაცია 64 ძირითადი პროდუქტისგან შემდგარ კალათას იყენებს, რაც თურქსტატის გამოთვლის მეთოდისგან განსხვავებულია.
მიმდინარე, 2022 წელს, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, როგორც იმპორტი, ასევე, ექსპორტი 37%-ით გაიზარდა და 7 მილიარდამდე აშშ დოლარი შეადგინა, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები კი, თურქეთი, ჩინეთი და რუსეთი არიან.
- რა გავლენა ექნება თურქეთის მზარდ ინფლაციას საქართველოს ბაზარზე?
ბოლო პერიოდში ლარი მყარდება ლირასთან მიმართებით, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს იმას, რომ თურქული პროდუქცია უნდა გაიაფდეს, - ამბობს Europetime-თან ISET-ის კვლევით ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, დავით კეშელავა.
მისი თქმით, თურქეთში მაღალი ინფლაციაა, თუმცა ლირაც უფასურდებოდა ლართან მიმართებით. ამიტომ, ორი ვალუტის გაცვლითი კურსიც უნდა განვიხილოთ და მხოლოდ ფასების დონეს არ უნდა დავაკვირდეთ.
„მეორე საკითხია, ინფლაციასთან საბრძოლველად რას აკეთებს თურქეთის ცენტრალური ბანკი, რომელსაც ცოტა არ იყოს, უცნაური პოლიტიკა აქვს შერჩეული. ნაცვლად იმისა, რომ გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა, გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები, რომ ინფლაციას ებრძოლოს, საპირისპირო ნაბიჯებს დგამს. რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთს ან არ ცვლის ან ამცირებს და ამით უფრო მაღალ ინფლაციას იწვევს. ამის პარალელურად, თან ლირაც უფასურდება და ამ გადაწყვეტილებით ქვეყნის ექსპორტის კონკურენტუნარიანობა იზრდება. შესაბამისად, თურქეთის სავაჭრო ბალანსი ექსპორტის ზრდისა და იმპორტის შემცირების ხარჯზე უმჯობესდება“, - ამბობს კეშელავა.
ISET-ის კვლევით ინსტიტუტის უფროსი მკვლევრის პროგნოზით, თურქეთის ხელისუფლების მიზანია, ქვეყნის სავაჭრო ბალანსი პროფიციტში გადავიდეს, ანუ ექსპორტმა საბოლოო ჯამში იმპორტს გადააჭარბოს, რადგან ამ დროისთვის თურქეთი წმინდა იმპორტიორი ქვეყანაა. „რა არის ამ პოლიტიკას საბოლოო გავლენა? პირველ რიგში, თურქული პროდუქცია, რაც ქვეყანაში შემოდის, იაფდება. ასეთ დროს, უფრო კონკურენტული ხდება თურქული წარმოება. იმ პროდუქტების კატეგორიებში რაც თურქეთიდან შემოგვაქვს, თვითუზრუნველყოფა ძალიან მაღალი არ გვაქვს. ამიტომ, ადგილობრივ კომპანიებს კონკურენცია გაუჭირდებათ“, - აღნიშნავს კეშელავა.
გარდა ამისა, საქართველო თურქეთთან ერთად ჩართულია ღირებულებათა ჯაჭვში, რაც კეშელავას შეფასებით, რიგი წარმოებისთვის დადებითი შედეგის მომტანია. „მაგალითად, თურქეთი ტექსტილის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. ქართული საწარმოები ბათუმში, თურქულ კომპანიებთან თანამშრომლობენ და კერავენ ტანსაცმელს. საბოლოო ჯამში, თურქული კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდა, ამ პოლიტიკის ხარჯზე ნიშნავს, რომ ამ სეგმენტში ჩვენი ექსპორტი გაიზრდება. შესაბამისად, ამ ფაბრიკებში წარმოება უნდა გაიზარდოს. ამ შემთხვევაში, თურქეთის მზარდ ინფლაციას საქართველოს ტექსტილის წარმოებაზე დადებითი გავლენა აქვს“.
ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე, თურქეთში მზარდი ინფლაციის ფონზე, იმპორტირებული პროდუქციის გაძვირების რისკებსა და სავაჭრო დეფიციტის ზრდაზე Europetime-თან საუბრობს.
„თურქეთი საქართველოსთვის 2006 წლის შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. თურქეთის მზარდი ინფლაცია იმას ნიშნავს, რომ იქაური პროდუქცია უფრო იაფად იქნება წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. საფრთხე არსებობს, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება სავაჭრო დეფიციტი თურქეთთან. ანუ მოხდება ვალუტის გადინება. ჩვენთან თუ არ მოხდა ლარის კურსის ცვლილება, თურქული იაფი საქონელი, პრიორიტეტი იქნება ქართულ ბაზარზე. ზოგადად, ბიზნესის სპეციფიკაა, როდესაც გაურკვევლობაა, ყოველთვის ცდილობს, შექმნას თავისი „უსაფრთხოების ბალიში“ და თავისი ინტერესები დაიცვას. თუ ამის საშუალებას საბაზრო კონიუნქტურა იძლევა, იმპორტიორი შეეცდება ფასების გაზრდას. რამდენი იქნება გაზრდილ ფასებში რისკის გაურკვევლობის ეფექტის წილი და რამდენი რეალურად ხარჯების ზრდის ეფექტი, ეს სხვა საკითხია. ბიზნესი ცდილობს, რომ ფასში ასახოს ფორს-მაჟორი და თუ ბაზარი ამის საშუალებას მისცემს, ამ ფაქტორს იყენებენ“.
TOP-10 საექსპორტო ქვეყანას შორის საქართველოსთვის თურქეთი მეოთხე ადგილს - 9.2%-ით იკავებს. იანვარ-მაისში საქართველომ თურქეთში 194.6 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 46%-ით აღემატება. რაც შეეხება იმას თუ რა გავყიდეთ თურქეთში, TOP-5 საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი ასეთია:
- ფეროშენადნობები - 35.4 მლნ დოლარი, 15 423 ტონა;
- ტრიკოტაჟის ნაწარმი - 34.5 მლნ დოლარი, 998 ტონა;
- ელექტროენერგია - 23.4 მლნ დოლარი;
- კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა - 19.3 მლნ დოლარი, 718 ტონა;
- შავი ლითონების ნარჩენები და ჯართი - 15.4 მლნ დოლარი, 30 704 ტონა; დანარჩენი საქონლის ექსპორტმა კი ჯამში 66.5 მლნ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება იმპორტს, ამ შემთხვევაში, მეზობელი ქვეყანა მთლიან იმპორტში 17.2%-იანი წილით, საიმპორტო ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს. თურქეთიდან შეძენილი საქონლის ღირებულება მიმდინარე წლის 5 თვეში 32.8%-ით გაიზარდა და 830 მლნ დოლარი შეადგინა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, TOP-5 საიმპორტო საქონლის ჩამონათვალი ასეთია:
- მსუბუქი ავტომობილები - 38.1 მლნ დოლარი, 1 266 ცალი;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 26 მლნ დოლარი, 362 ტონა;
- მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 20 მლნ დოლარი, 1 101 ტონა;
- შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - 18 მლნ დოლარი, 15 891 ტონა;
- შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები - 17.8 მლნ დოლარი, 8 189 ტონა.
დანარჩენი საქონლის იმპორტმა ჯამში, 709 მლნ დოლარი შეადგინა.
კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი, სოსო ბერიკაშვილი Europetime-თან ამბობს, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და იქ არსებული არასტაბილური ეკონომიკური გარემო ჩვენი ეკონომიკისთვის კარგი არ არის. „რას ნიშნავს ჩვენთვის მზარდი ინფლაცია თურქეთში? მათი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე ძვირდება, რაც შესაძლოა რაღაც კუთხით ჩვენი შიდა წარმოებისთვის კარგიც იყოს. თუმცა მეორე მხრივ, ბევრი პროდუქტი შემოგვაქვს თურქეთიდან და მაღალი ფასები საბოლოო ჯამში, საქართველოს ბაზარზე ცუდად აისახება. ფასები საქართველოშიც იზრდება, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რაც თურქეთში, რადგან იქ ფასების ზრდას სხვა მიზეზები აქვს. ლარი რომ არ მყარდებოდეს, ინფლაცია უფრო მაღალი გვექნებოდა“, - აღნიშნავს სოსო ბერიკაშვილი.