Europetime-თან კომენტარში ფარმაცევტულ კომპანიათა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ილონა კოკიაშვილი ადასტურებს, რომ თურქეთის პრეზიდენტის მიერ მიღებული განკარგულება, რომლის თანახმადაც მედიკამენტების ფასზე გაცვლითი კურსის მარჟა უნდა აისახოს, თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებს საქართველოშიც გააძვირებს.
„თურქეთის მიერ უკვე დეკლარირებულია რომ მედიკამენტები გაძვირდება. ეს გადაწყვეტილება ერდოღანმა მაღალი ინფლაციის გამო მიიღო და მედიკამენტის ფასზე, გაცვლითი კურსის მარჟა აისახება. ბუნებრივია ეს იმოქმედებს ჩვენს ბაზარზეც. საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების გაძვირება, სავარაუდოდ 25-28%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. დისტრიბუტორებმა საქართველოში თავიანთი პარტნიორები უკვე გააფრთხილეს, იმის შესახებ თუ მომავალი შესყიდვები რა ფასში მოხდება“, - განუცხადა Europetime-ს ილონა კოკიაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში მედიკამენტის ფასზე გავლენას ახდენს ინფლაციის დონე, ასევე ლარის კურსი. ფასი ზრდა ამ ფაქტორების ცვლილებაზეცაა დამოკიდებული. „თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები ევროპულთან შედარებით იაფ სეგმენტში მოხვდება“, - აღნიშნავს ფარმაცევტულ კომპანიათა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
რაც შეეხება იმას, თუ რა ვადებში გაძვირდება ადგილობრივ ბაზარზე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, ეს ფარმაცევტული კომპანიის მარაგებზეა დამოკიდებული. „მარაგები ინდივიდუალურია და შესაბამისად, თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების გაძვირებას ერთი თვის დიაპაზონში უნდა ველოდოთ“, - აცხადებს კოკიაშვილი.
როდისაა მოსალოდნელი თურქული მედიკამენტების გაძვირება, ამ საკითხის გასარკვევად Europetime ფარმაცევტულ კომპანიბს დაუკავშირდა. მათ კომენტარს პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
თურქეთში ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ფასი რეგულირებისთვის, შესაბამისი განკარგულება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა 7 ივლისს გამოსცა. დოკუმენტი ფარმაცევტული პროდუქციისთვის ახალ ტარიფებს ადგენს. წინა ბრძანება, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 2017 წელს იყო მიღებული. როგორც თურქული მედია წერს მისი გადახედვა თურქული ლირის გაუფასურებიდან გამომდინარე გადაწყდა.
თურქული მედიკამენტები საქართველოში 2022 წლის იანვრიდან შემოვიდა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 24 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი. მედიკამენტებზე ფასები კი 60% − 80%-მდე არის შემცირებული. უწყების სტატისტიკით, მარტიდან 24 ივნისამდე 155 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 74 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით, 23 მილიონი ლარი გადაიხადა. ამ პერიოდში მოქალაქეებმა 51 მლნ ლარი დაზოგეს.