რა სარგებლის მიღება შეუძლია საქართველოს ევროკავშირი-აზერბაიჯანის ენერგეტიკულ თანამშრომლობაში ახალი თავის გახსნით

„დღეს ახალ თავს ვხსნით აზერბაიჯანთან ენერგეტიკული თანამშრომლობის მიმართულებით, რომელიც საკვანძო პარტნიორია ჩვენს მცდელობებში, თავი დავაღწიოთ რუსულ წიაღისეულ საწვავს”, - ეს ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაა, რომელიც 18 ივლისს, აზერბაიჯანში ვიზიტისას, პრეზიდენტ ალიევთან ერთად ისტორიული მემორანდუმის გაფორმებას მოჰყვა.

Azerbaijan, European Union sign MoU on Strategic Partnership in field of energy (PHOTO/VIDEO)

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება. ევროკავშირი, რომელიც უკრაინაში კრემლის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსულ რესურსებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას ცდილობს, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორი, აზერბაიჯანი აირჩია ერთ-ერთ ალტერნატივად. რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის და რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოს, ამის გარკვევას Europetime სფეროს ექსპერტთან შეეცადა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გია არაბიძე ამბობს, რომ თუ მაქსიმალურად დაიტვირთება სამხრეთ კავკასიური გაზსადენი, [აზერბაიჯანისთვის არ არის პრობლემა, რომ წლის განმავლობაში მარტო შეძლოს 200 მლრდ კუბური მეტრი გაზის გატარება თავისთვის და ევროპისკენ], იმპორტზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება.

„ერთი კუბური მეტრით მეტი გაზიც რომ გავიდეს საქართველოზე, ეს რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდ სარგებელს მოიტანს. განსაკუთრებით ახლა, ამ პერიოდში, როცა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ნახევარი მილიონი კუბური მეტრი გაზი წლიურად, შეღავათიან ფასში უნდა მივიღოთ სამხრეთ კავკასიური გაზსადენიდან, რამდენიმე წელიწადში ვადა უმთავრდება.

ინფორმაციისთვის, სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის (SCP) დანიშნულებაა, საქართველოს გავლით, შაჰ-დენიზისა და კასპიის ზღვის აუზის სხვა საბადოებიდან მოპოვებული ბუნებრივი გაზის თურქეთში ტრანზიტი, ხოლო შემდეგ, თურქეთიდან ევროპის ბაზრებზე გაზის ტრანსპორტირების განხორციელება.

სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის სიგრძე აზერბაიჯანსა და საქართველოს მონაკვეთზე 691 კმ-ს შეადგენს, საქართველოს მონაკვეთზე კი მისი სიგრძე 249 კმ-ია. საზღვარზე გაზსადენი თურქეთის მხარის მიერ აშენებულ განშტოებას უერთდება, რომელიც SCP-ს ერზრუმთან ადგილობრივი გაზმომარაგების სისტემასთან აკავშირებს.

SCP-ის მშენებლობა 2006 წელს დასრულდა. მილსადენით საქართველომ გაზი 2007 წლის დასაწყისში მიიღო. საქართველოს ტერიტორიაზე SCP-ი და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი მეტწილად საერთო დერეფანში არის მოქცეული.

პროექტის ღირებულებამ 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მილსადენი კონსორციუმის საკუთრებაა, რომელშიც BP, Statoil, SOCAR, LukOil, NICO, Total და TPAO მონაწილეობენ. BP-ი პროექტის ტექნიკური, Statoil-ი კი - კომერციული ოპერატორია.

განვითარების დამატებითი ეტაპების დასრულებისა და სრული წარმადობით ამუშავების შემდეგ გაზსადენი წელიწადში 21-24 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზს გაატარებს.

გაზსადენის პროექტის ხელშეკრულებების თანახმად, საქართველო არის არა მარტო სატრანზიტო, არამედ ბუნებრივი გაზის მომხმარებელი ქვეყანა. საქართველოს აქვს ოფცია აზერბაიჯანიდან თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5%-მდე მოცულობა შეისყიდოს შეღავათიან ფასად. გარდა ამისა, პროექტის ფუნქციონირების დაწყებიდან 20 წლის განმავლობაში საქართველო პროექტის ინვესტორებისგან ბუნებრივი გაზის დამატებით მოცულობას - წელიწადში ნახევარ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს სპეციალურ ფასში შეისყიდის. პროექტის პარტნიორები: BP, SOCAR, Statoil, LukOil, NICO, Total, TPAO.

ამიტომ, 500 მლნ კუბური მეტრი გაზის ამოღება ჩვენი ბალანსიდან გარკვეულ პრობლემას შექმნის ტარიფებთან დაკავშირებით - ეს არის ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტია - თუ მაქსიმალურად დაიტვირთება სამხრეთ კავკასიური გაზსადენი, [აზერბაიჯანისთვის არ არის პრობლემა, რომ წლის განმავლობაში მარტო შეძლოს 200 მლრდ კუბური მეტრი გაზის გატარება თავისთვის და ევროპისკენ], ეს ძალიან კარგ ამინდს შექმნის ჩვენთან, რომ შევძლოთ ჩვენი მაღალეფექტიანი თბოელექტროსადგურების დატვირთვა და ელექტროენერგიის იმპორტი შევამციროთ.

აზერბაიჯანი ამბობს, რომ შეძლებს სადღაც 30 მილიარდამდე ავიდეს, ეს ძალიან კარგი ციფრია და თუ ყაზახეთიც და თურქმენეთიც ჩაებმებიან, რასაც სერიოზული ინვესტიციების სჭირდება, მაშინ, ევროპაც და ჩვენც დიდ სარგებელს მივიღებთ და იმპორტირებული გაზის პრობლემა გადაგვეჭრება. 90-იან წლებში ცოტა მეტი ყურადღება რომ გამოეჩინათ ევროპელებს, რუსეთს არ მინდობოდნენ და ნაბუქოს სქემა განხორციელებულიყო, მათ ამხელა პრობლემა არ ექნებოდათ და ევროპის გაზით მომარაგების საკითხი სულ სხვაგვარად წარიმართებოდა. ნაბუქო ვერ „დაიქოქა“ და აზერბაიჯანი-თურქეთის ხაზი გაკეთდა, რომელმაც საქართველოზე გაიარა“.

ინფორმაციისთვის „ნაბუქო“ (Nabucco) — გაზსადენის მაგისტრალის პროექტი, რომელსაც ცენტრალური აზია რუსეთის გვერდის ავლით ევროპის ქვეყნებთან უნდა დაეკავშირებინა. გაზსადენის სიგრძე უნდა ყოფილიყო 3,3 ათასი კმ, საპროექტო სიმძლავრე — 26-32 მლრდ კუბომეტრი ბუნებრივი აირი წელიწადში. მშენებლობის დასრულება იგეგმებოდა 2013 წლისთვის. პროექტის ღირებულება €7,9 მილიარდად შეფასდა. გაზსადენის მშენებლობის კონსორციუმში მონაწილეობენ კომპანიები: OMV Gas GmbH (ავსტრია), Botas (თურქეთი), Bulgargaz (ბულგარეთი), S.N.T.G.N. Transgaz S.A. (რუმინეთი), MOL Natural Gas Transmission Company Ltd. (უნგრეთი).
„ნაბუქოს“ პროექტი ითვალისწინებდა კასპიური გაზის ევროპაში გატანას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ავსტრიის გავლით. პროექტის თანახმად, გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის გაგრძელება უნდა გამხდარიყო და ყოველწლიურად 20-30 მილიარდი კუბურიმეტრის გაზის გაატრებას უზრუნველყოფდა.

ენერგეტიკოსის ვარაუდით, „ახლო მომავალში მძლავრი, ალტერნატიული ქსელის შექმნაზე სერიოზული ფიქრი დაიწყება“.

„გერმანია ამბობს, მომიტანეთ გაზი ჩემს საზღვრამდე და მოგცემთ იმაზე მეტს, რასაც რუსეთს ვუხდი. ეს რეალობას მოკლებულია, რადგან ვერც ჩვენ, ვერც აზერბაიჯანი და თურქმენეთი ვერ ვიშოვით იმდენ ფულს, რომ თურქმენეთი ჩავრთოთ, ახალი ხაზი გავხსნათ და გერმანიამდე მივიდეთ. თუმცა უნდათ თუ არ უნდათ, ახლო მომავალში დაიწყება სერიოზული ფიქრი მძლავრი, ალტერნატიული ქსელის გაკეთებაზე, რასაც ბუნებრივია, დიდი დრო და სახსრები დასჭირდება.

ჩვენი ტერიტორიის გარეშე ეს პროექტი არ განხორციელდება, არ მგონია, რომ სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობა ისეთ დონეზ დათბეს, რომ ახალი მარშრუტი მოიძებნოს - აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთი და მერე ევროპის გაზსადენი. ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ BP-სთან, აზერბაიჯანთან და საქართველოს არ შეუქმნია პრობლემა ამ გაზსადენის მუშაობის დროს. გაზის რაოდენობის გატარებასთან ერთად, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, გავაუმჯობესოთ არსებული ინფრასტრუქტურა. საჭირო იქნება საკომპრესორო სადგურებიც დამატება, რაშიც საქართველო ალბათ, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს“, - ამბობს Europetime-თან გია არაბიძე. 

None

ცნობისთვის, 2007 წლიდან გაზის მთავარი მომწოდებელი საქართველოსთვის აზერბაიჯანია. PMC კვლევითი ცენტრის მიმოხილვის მიხედვით, 2012 წლიდან 2022 წლის I კვარტლის ჩათვლით, საქართველოს მიერ ენერგეტიკული პროდუქტების იმპორტზე ჯამურ დანახარჯებზე დაკვირვებით საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი საკმაოდ კონცენტრირებულია. საქართველოსთვის ძირითადი ენერგეტიკული პროდუქტების მთავარი ექსპორტიორია აზერბაიჯანი და მხოლოდ ამის შემდეგ რუსეთი. გაზის იმპორტი ყველაზე ნაკლებად არის დივერსიფიცირებული სხვა ენერგო პროდუქტებთან შედარებით, გაზის 82% იმპორტირებულია აზერბაიჯანიდან და 16% - რუსეთიდან.

შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბაქოში ვიზიტისას, აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა. შედეგად, ევროკავშირისთვის 2027 წლამდე ყოველწლიურად, სამხრეთის გაზის დერეფნის გამტარუნარიანობა უნდა გაორმაგდეს, არანაკლებ 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მისაწოდებლად.

2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო.

სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა.