შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან სამუშაო შეხვედრას მართავს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან სამუშაო შეხვედრას მართავს. ამასთან, შეხვედრის თემაა ევროკომისიის რეკომენდაცია, რომელიც საქართველოში დეოლიგარქიზაციის განხორციელებას ითვალისწინებს.

ურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად ვერ იქნება მიჩნეული.

„უკრაინული კანონის კრიტერიუმებია: მედიაზე ზეგავლენა, შესაბამისი ოდენობის თანხა, პოლიტიკაში ჩარევა და მონოპოლიური საქმიანობა. თუ პირი ამ ოთხი კრიტერიუმიდან სამს აკმაყოფილებს, უკრაინული კანონით ოლიგარქად მიიჩნევა. შესაბამისად, მარტივად შეგიძლიათ ნახოთ ეს ხალხი, მათ შორის ოპოზიციურ სპექტრში მყოფი ოპოზიციონერები რამდენად აკმაყოფილებენ კანონის სულისკვეთებას. ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად ვერ იქნება მიჩნეული იმ გაგებით, როგორც ამ ხალხს უნდა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი.

კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.

17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ევროკავშირის საბჭომ 23 ივნისს აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.