თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ტერორისტული ორგანიზაციები, როგორიცაა, PJAK, FETO, PKK პრობლემაა როგორც ანკარისთვის, ისე თეირანისთვის. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარამ და თეირანმა სოლიდარობის პრინციპით უნდა განაგრძონ ბრძოლა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
ერდოღანმა და ირანის პრეზიდენტმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ცნობილი გახდა, რომ ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სულ რვა შეთანხმებას ვაჭრობის, სოციალური უსაფრთხოებისა და სპორტის სფეროებში.
ერდოღანი დარწმუნებულია, რომ თურქეთი და ირანი ორმხრივი ვაჭრობის მოცულობას 30 მილიარდ დოლარამდე გაზრდიან. „შესაძლებელია ამ პროცესის დაჩქარება იმ ნაბიჯებით, რომლებსაც ჩვენ გადავდგამთ თავდაცვის ინდუსტრიაში. ამის დაჩქარება ასევე შესაძლებელია კონკრეტული ნაბიჯებით ნავთობისა და ბუნებრივი გაზის საბადოებთან დაკავშირებით", - აღნიშნა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, ერდოღანი და რაისი დღეს რუსეთის პრეზიდენტს შეხვდებიან.
ირანში პუტინის ვიზიტს წინ უძღვის თეთრი სახლის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანი ემზადება, რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს.
ჯერ უცნობია, განიხილება თუ არა ეს საკითხი ხსენებული ვიზიტისას, თუმცა ირანმა უარყო აშშ-ის ბრალდებები რუსეთისთვის ირანული უპილოტო თვითმფრინავების შესაძლო გადაცემის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ სფეროში თანამშრომლობას ბოლო დროს განსაკუთრებული განვითარება არ ჰქონია.