აზერბაიჯანის ლიდერმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ევროპის აზერბაიჯანისგან და პირიქით, აზერბაიჯანის ევროპისგან იზოლირება, ევროპარლამენტის რიგი წევრების მცდელობის მიუხედავად შეუძლებელია. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დღეს ბაქოში, ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.
„თქვენ საქმის კურსში ხართ ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტის შესახებ. ჩვენ გვქონდა საკმაოდ კარგი მსჯელობები. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების მნიშვნელობას. ამავდროულად ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი აქტიურადაა ჩართული აზერბაიჯანისა და ევროკავშირის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხში. უკვე გაიმართა სამი სამმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელშიც უშუალოდ იყო ჩართული შარლ მიშელი. ეს საკმაოდ პოზიტიური კონტექსტია. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვერ ვიგებთ ევროპარლამენტის ქმედებების“, - განაცხადა ალიევმა.
ალიევმა აღნიშნა, რომ „ევროპარლამენტი“ ზოგჯერ ბევრად უფრო აგრესიულია აზერბაიჯანთან მიმართებით, ვიდრე სომხეთის პარლამენტი“.
„ზოგჯერ ჩანს, რომ ამ რეზოლუციებს იღებს სომხეთის პარლამენტი ან შესაძლოა, სომხურ ლობისტურ ჯგუფს აქვს რაიმე გავლენა, თორემ ეს ზოგჯერ ძალიან რთული გასაგებია. როცა ვთქვი, რომ გამიკვირდა, სწორედ ამას ვგულისხმობდი. ჩვენ გვინდა მჭიდრო ურთიერთობების დამყარება ევროპასთან და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მათ შორის თანამშრომლობის თვალსაჩინო ნიშნები ამას აჩვენებს. მაგრამ თუ ევროპარლამენტი ასეთ გზაზე ფიქრობს, მაშინ ეს მათი არჩევანია. მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ, მიუხედავად ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრის მცდელობისა, აზერბაიჯანისა და ევროკავშირის იზოლირება შეუძლებელია“, - აღნიშნა ალიევმა.