„თქვენ ალბათ იცოდით, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა იყო, ვიცოდი მეც და იცოდა საქართველოს ბევრმა სხვა მეგობარმაც, თუმცა არ შეიძლება, არ დავაფასოთ ის, რომ ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა“, - ეს ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის გზავნილია მისიის დასრულებისადმი მიძღვნილი ვიდეომიმართვიდან, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობამ 20 ივლისს გაავრცელა.
ელჩის განცხადებით, გასულ თვეს, ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს და რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია.
„მიუხედავად იმისა, რომ წინ არაერთი ბრძოლაა, ჩვენთვის საამაყოა, რომ ვართ ამ ისტორიული მომენტის მომსწრენი და გვჯერა, რომ ამ მომენტით შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო წარმატებით გამოიყენებს. არამხოლოდ იმიტომ, რომ ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ უკან დახევას არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა. საქართველოც იღებდა მონაწილეობას იმ ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რასაც დღეს ევროპულ ღირებულებებს უწოდებენ და ამიტომ, გაქვთ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოთ ევროპის გაძლიერებაში.
თქვენი ენერგია და სულისკვეთება აღმაფრთოვანებელია და როდესაც დადგება ის დღე, როდესაც მთელი ეს ენერგია ერთი მიზნისკენ იქნება მიმართული, თქვენ ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ. მომავალ შეხვედრამდე, ძალიან დიდი მადლობა, საქართველო, ყველაფრისთვის“, - აღნიშნავ კარლ ჰარცელი ვიდეოგზავნილში.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.