"ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით საჭიროა სამუშაო ფორმატის შექმნა, რომელსაც ექნება რეგულარული ხასიათი და უნდა იყოს ინიცირებული საქართველოს მხრიდან - ჩემი მთავარი შეთავაზება ევროპარლამენტარების მიმართ იყო ის, რომ საჭიროა მეტი სიცხადის შეტანა, რამდენად სწორად ხდება პუნქტების შესრულება ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის მხრიდან", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ევროპარლამენტის დეპუტატებს აინტერესებდათ სახალხო დამცველის რეკომენდაციები და ხედვა 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით. ჩემი მთავარი შეთავაზება მათ მიმართ იყო ის, რომ საჭიროა მეტი სიცხადის შეტანა, რამდენად სწორად ხდება ამ პუნქტების შესრულება ხელისუფლების თუ ოპოზიციის მხრიდან.
კარგი იქნება თუ სამუშაო ფორმატები შეიქმნება და ეს პროცესი უფრო რეგულარული გახდება. როგორც მივიღე ინფორმაცია დელეგაციის წევრებისგან, მსგავსი ტიპის შეხვედრა უკვე გაიმართა დელეგაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის. კარგი იქნება, თუ ამ შეხვედრების შესახებ მოხდება საზოგადოების ინფორმირება. საჭიროა სამუშაო ფორმატი, რომელსაც ექნება რეგულარული ხასიათი და უნდა იყოს ინიცირებული საქართველოს მხრიდან, ვინაიდან ჩვენ უნდა გადავდგათ უფრო აქტიური ნაბიჯები“, - განაცხადა ლომჯარიამ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.
შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.