გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა სერგეი ლავროვის განცხადებას რუსეთის ახალი პროპაგანდა უწოდა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო რუსეთის განცხადება, რომ დასავლური იარაღის მიწოდებამ გავლენა იქონია მოსკოვის გადაწყვეტილებაზე, გააფართოოს უკრაინაში მისი სამხედრო მიზნები. DW-სთან ინტერვიუში ბერბოკმა აღნიშნა, რომ მოსკოვი არგუმენტის შეცვლას განაგრძობს და ეს მხოლოდ „ახალი პროპაგანდაა რუსული მხარისგან“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამაც უპასუხა.
კულებამ მსოფლიოს მოუწოდა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს და უკრაინას იარაღი უფრო სწრაფად მიაწოდოს.
„რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის აღიარება, უკრაინის უფრო მეტი მიწის მიტაცების შესახებ, ამტკიცებს შემდეგს: რუსეთი უარს ამბობს დიპლომატიაზე, ომსა და ტერორზეა კონცენტრირებული. რუსებს სისხლი სურთ და არა მოლაპარაკებები. მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, გაამკაცრონ სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და დააჩქარონ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე.
შეგახსენებთ, ლავროვმა RT-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო, ომის „გეოგრაფიული მიზნები“ შეიცვალა და ახალი ტერიტორიების დაპყრობით დაიმუქრა, იმ შემთხვევაში თუ პარტნიორები უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას გადასცემენ.