უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გამოეხმაურა, რომელმაც უკრაინაში „გეოგრაფიული ამოცანების“ ცვლილების შესახებ განაცხადა.
კულებამ მსოფლიოს მოუწოდა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს და უკრაინას იარაღი უფრო სწრაფად მიაწოდოს.
„რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის აღიარება, უკრაინის უფრო მეტი მიწის მიტაცების შესახებ შემდეგს ამტკიცებს: რუსეთი უარს ამბობს დიპლომატიაზე, ომსა და ტერორზეა კონცენტრირებული. რუსებს სისხლი სურთ და არა მოლაპარაკებები. მოვუწოდე ყველა პარტნიორს, გაამკაცრონ სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და დააჩქარონ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ ლავროვმა RT-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო, ომის „გეოგრაფიული მიზნები“ შეიცვალა და ახალი ტერიტორიების დაპყრობით დაიმუქრა, იმ შემთხვევაში თუ პარტნიორები უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას გადასცემენ.
ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.