"ამერიკის ხელისუფლებაზე, რომელიმე მის წარმომადგენელზე საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ პირის მხრიდან არასოდეს ყოფილა არანაირი თავდასხმა - ჩვენ თავდასხმები და შეურაცხყოფა ვნახეთ, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რასაც აკეთებენ თვითონ, გადააბრალონ მმართველ პარტიას", - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებას გამოეხმაურა.
"ამერიკის ხელისუფლებაზე, რომელიმე მის წარმომადგენელზე საქართველოს ხელისუფლების რომელიმე ოფიციალურ პირის მხრიდან არასოდეს ყოფილა არანაირი თავდასხმა და ასეთი გამორიცხულია მომავალშიც. აშშ არის საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ გვაქვს ათწლეულების განმავლობაში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთობები და რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის ფასეული. თუ ჩვენ თავდასხმები და შეურაცხყოფა ვნახეთ, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ამას არაერთი შეფასება მოჰყვა. ყველას კარგად გვახსოვს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები რა შეფასებებს აკეთებდნენ დასავლეთის ელჩების მიმართ ამ წლების განმავლობაში, წარსულშიც და საერთოდ ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რასაც აკეთებენ თვითონ, გადააბრალონ მმართველ პარტიას", - განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 8 ივლისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, „რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“. საპასუხოდ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის წერილი „სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით“.
„კითხვა ჩნდება, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? - იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა“, - განაცხადა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა უკვე 19 ივლისს.
კელი დეგნანს მიხეილ ყაველაშვილის ამ განცხადებასთან დაკავშირებითაც დაუსვეს შეკითხვა „არ შემიძლია, დავადასტურო ვიღაცის ჭორები, რადგან არ ვიცი, რაზე საუბრობს ის“, - აღნიშნა ელჩმა.
„კითხვა დაისვა მიშა ყაველაშვილის მხრიდან და აქაც ველოდი მკაფიო პასუხს. ანუ, ძალიან მარტივი კითხვაა ხომ – ან შედგა შეხვედრა, ან არ შედგა. მე არ ვიცი და ამიტომ საინტერესო იყო ელჩისგან პასუხის მოსმენა ამასთან დაკავშირებით. მას უნდა ეთქვა, რომ ან შედგა ან არ შედგა და საზოგადოება ამას გაიგებდა, თუმცა გაუგებარი პასუხი მივიღეთ. თან ითქვა, რომ ჭორაობაა, თან ის, რომ პასუხს არ გასცემს.
ანუ, თან არც უარყო და თან ჭორაობა უწოდა თვითონ საუბარს ამ თემასთან დაკავშირებით. მე არ ვიცი, რა ინფორმაცია აქვს მიშა ყაველაშვილს, თუმცა კითხვა დაისვა და კითხვაზე საჭიროა პასუხი. ელჩს არ უთქვამს, შეხვდა თუ არ შეხვდა, რაც ცუდია, რადგან როდესაც საჯაროდ ისმება ასეთი კითხვები, ჩვენ არ ვიყავით მომხრე, საჯარო კითხვები დასმულიყო ასეთ თემებთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც საჯაროდ ისმება ასეთი კითხვა, ბუნებრივია, ამაზე საჭიროა საჯაროდ მკაფიოდ პასუხის გაცემა, იყო ასეთი შეხვედრა, თუ არ იყო შეხვედრა, თუმცა ამაზე პასუხი საზოგადოებამ ვერ მიიღო“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმდჯომარემ ირაკლი კობახიძემ 20 ივლისს.
20 ივლისს, თბილისის დროით, გვიან ღამით, შეერთებულმა შტატებმა საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ნედ პრაისმა გააკეთა. ნედ პრაისის განცხადებით, დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან.