„საკმაოდ დიდი ხანია, არ მქონია შეხვედრა ბატონ ივანიშვილთან და როდესაც გვქონია მანამდე შეხვედრები, მე ყოველთვის გამოვხატავდი სრულ მხარდაჭერას ქართველი ხალხის და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნაალისტებს განუცხადა, როდესაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან შეხვედრის შესახებ კვლავ ჰკითხეს.
„საკმაოდ დიდი ხანია, არ მქონია შეხვედრა ბატონ ივანიშვილთან და როდესაც გვქონია მანამდე შეხვედრები, მე ყოველთვის გამოვხატავდი სრულ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ჩვენს მზაობას, დავეხმაროთ საქართველოს ამ მიმართულებით. არცერთი შეხვედრა არ ყოფილა ისეთი ტიპის, რომ რაიმე მომეთხოვოს ან დამეშანტაჟებინოს. ასეთი რამ არ ყოფილა. ამ ადამიანს, რომელიც ამაზე საუბრობს, პირადად არ ვიცნობ და არ ვიცი, რატომ საუბრობს ამას, რადგან არცერთ ასეთ შეხვედრას არ დასწრებია“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.
„კითხვა ჩნდება, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? - იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა“, - განაცხადა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 19 ივლისს. ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 8 ივლისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, „რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“.