საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება იყო მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და ახლა საჭიროა აუცილებელი რეფორმების შესრულებაზე მუშაობა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ყველა პოლიტიკოსმა რეკომენდაციებთან დაკავშირებით უნდა გააგრძელოს მუშაობა, შედეგი კი წლის ბოლოს გამოჩნდება.
„ჩვენ გავაკეთეთ ორი განცხადება მედიასთან. ჩვენ გვქონდა აზრთა საინტერესო გაცვლა პრემიერ-მინისტრთან და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ეს არის გადამწყვეტი ფაზა საქართველოსთვის. საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება იყო ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და ახლა საჭიროა აუცილებელი რეფორმების შესრულებაზე მუშაობა. ჩამოყალიბდა 12 პრიორიტეტი, 12 რეკომენდაცია და ახლა პოლიტიკოსებმა უნდა იმუშაონ ამაზე.
ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ ხედავს „ქართული ოცნება“ წინსვლის გზას, ასევე განვიხილეთ 12 პრიორიტეტის შესრულების მათი გეგმა. ჩვენ ასევე ვკითხეთ პარტია „ქართულ ოცნებას“, თუ როგორ აპირებს პროცესის ორგანიზებას, რომელიც ასევე მოიცავს ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას. ასე რომ, ჩვენ ახლა ვიმყოფებით სიტუაციაში, როდესაც საქართველოში ყველა პოლიტიკოსმა უნდა გააგრძელოს თავისი მუშაობა და ჩვენ ვნახავთ, რა შედეგი იქნება წლის ბოლოს“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ევროპარლამენტარები საქართველოში ვიზიტისას შეხვდნენ მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. დელეგაცია საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. ხვალ ისინი სომხეთს ეწვევიან.
ვიზიტს წინ უძღოდა დებატები ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც 13 ივლისს, ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა (ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი S&D) საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ანგარიში (პროექტი) წარადგინა.
ანგარიშის პროექტი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები. 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენს გზას საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ. მიქსერმა საქართველოში არსებულ ღრმა პოლარიზაციის პრობლემასაც გაუსვა ხაზი.
ამავე კომიტეტის სხდომაზე დევიდ მაკალისტერმა განაცხადა, რომ „საქართველოში ყველა პოლიტიკიური ძალისთვის გადამწყვეტი მომენტია“.
„საქართველოში ყველა პოლიტიკიური ძალისთვის გადამწყვეტი მომენტია, რათა მათ შორის არსებული პოლიტიკური განსხვავებების გადალახვის გზები იპოვონ, შეუერთდნენ ერთიან ძალისხმევას და გადადგან ნაბიჯები ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებისთვის, რაც ქართველი ხალხის მტკიცე მისწრაფებას წარმოადგენს“, - აღნიშნა დევიდ მაკალისტერმა.
ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის პროექტის განხილვისას, ევროკომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, ევროკომისია ანგარიშს პრიორიტეტებზე 2023 წლის გაფართოების პაკეტში წარადგენს.
გადაწყვეტილება თავად ევროკომისიის წარმომადგენელმა იმით ახსნა, რომ „საკმარისი დრო მიეცემა საქართველოს პოლიტიკურ სისტემას, საფუძვლიანად იმუშაოს დასახელებულ პრიორიტეტებზე. ასევე, მეტი დრო ექნება ქართულ პოლიტიკურ ელიტას, მოახდინოს ქვეყნის დეპოლარიზაცია, დასხდეს საერთო მაგიდასთან, რათა საფუძვლიანად იმუშაოს რეფორმებზე“.