გერმანია რუსული გაზსადენის Nord Stream 2-ის ექსპლუატაციაში გაშვებას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით მილსადენის გაშვება „კატეგორიულად შეუძლებელია“, რადგან ეს ნიშნავს რუსულ გაზზე დამოკიდებულების ზრდას და ევროპა ამას არ დაუშვებს. „ეს იქნება თეთრი დროშის აწევის ტოლფასი", - თქვა ჰაბეკმა.
გაზის კრიზისის მენეჯმენტის შესახებ კითხვაზე პასუხისას, ჰაბეკმა აღნიშნა, რომ გერმანიამ კრიზისს აქამდე საკმაოდ კარგად გაუძლო. „ჩვენ ვართ ძლიერი ქვეყანა, ადამიანებს შორის ძლიერი ურთიერთობებით... პუტინი დაინახავს, რამდენად ძლიერები ვართ“.
შეგახსენებთ, ევროკომისიამ მოამზადა გაზის მოთხოვნის შემცირების გეგმა, რაც მომავალ გაზაფხულამდე ევროპაში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებას გულისხმობს.
ცნობისთვის, Nord Stream 2-ის 1207-კილომეტრიანი გაზსადენი 2021 წლის სექტემბერში დასრულდა, თუმცა გერმანელი რეგულატორებისგან სერტიფიცირებას კვლავაც ელის. ამოქმედების შემთხვევაში ის რუსულ გაზს პირდაპირ გერმანიას მიაწვდის.
გაზსადენი 2015 წელს დაანონსდა და მას გაერთიანებული სამეფო, უკრაინა და რამდენიმე ევროპული ქვეყანა თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ. მათი თქმით, მასშტაბური პროექტი ევროპაზე მოსკოვის გავლენას გაზრდიდა. Nord Stream 2-ის გაზსადენი წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი აირის გატარებაზეა გათვლილი. ეს გერმანიის ყოველწლიური მოხმარების 50%-ზე მეტია, რაც გაზპრომს წელიწადში $15 მილიარდზე მეტს მოუტანს.