„საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდება, რომელშიც SpaceX-ის პროექტი Starlink-ი ოპერირებას დაიწყებს, ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა SpaceX-ის ბაზრებთან წვდომის რეგიონულ დირექტორთან ბენ მაკ უილიამსთან შეხვედრისას განაცხადა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოში კომპანია SpaceX-ის პროექტ Starlink-ის ამოქმედების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. კერძოდ, SpaceX საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ Starlink-ის საქართველოში შემოსვლითა და ოპერირების დაწყებით ფაქტობრივად ახალი ეტაპი იწყება ინტერნეტიზაციის კუთხით. მისივე განცხადებით, კომპანიის საქართველოში ოპერირებისთვის ნებართვა უკვე გაცემულია.
Starlink-ის ბიზნესოპერაციების ვიცე-პრეზიდენტის ჩად გიბის განცხადებით, კომპანია მოუთმენლად ელის 2023 წელს ქვეყნის მასშტაბით პირველადი მომსახურების მიწოდების დაწყებას.
„SpaceX მიესალმება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას, Starlilnk-ისთვის ავტორიზაციის მინიჭების კუთხით, რის შემდეგაც კომპანია საქართველოში ფიზიკურ პირებსა და ბიზნესს მაღალი ხარისხის თანამგზავრულ ფართოზოლოვან ინტერნეტს მიაწვდის“, - აღნიშნა Starlink-ის ბიზნესოპერაციების ვიცე-პრეზიდენტმა.
მისივე განცხადებით, კომპანიის საქართველოში ოპერირებისთვის ნებართვა უკვე გაცემულია.
პირველ ეტაპზე Starlink-ის ინტერნეტი საქართველოს მასშტაბით არსებულ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ყველა ტექნოპარკს მიეწოდება.
ილონ მასკის დაარსებული კომპანია SpaceX-ის პროექტი Starlink-ი გლობალური თანამგზავრული სისტემაა, რომლის მიზანიც მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებაა ნებისმიერ ადგილში, მათ შორის მიუწვდომელ და მაღალმთიან დასახლებებში.
SpaceX-მა საქართველოში Starlink-ის პროექტით შემოსვლისა და საქმიანობის დაწყებით დაინტერესება გასულ წელს გამოთქვა, როცა ლოს ანჯელესში კომპანიის სათავო ოფისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძეს შეხვდნენ.
საქართველო განხილულია რეგიონში ერთ-ერთ პირველ საპილოტე ქვეყნად, სადაც SpaceX-ი მოსახლეობას თანამგზავრულ ინტერნეტს მიაწვდის.
„ლოს ანჯელესში გამართული შეხვედრის შემდგომ აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ცოტა ხნის წინ საქართველოში SpaceX-ის პროექტ Starlink-ის რეგისტრაციისა და ავტორიზაციის პროცესი დასრულდა. თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების განვითარების პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უწყვეტი, მაღალი ხარისხის ინტერნეტ წვდომა. შესაბამისად, თანამგზავრული ინტერნეტი ხელს შეუწყობს ციფრული ბიზნესის განვითარებასა და საერთაშორისო IT კომპანიებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას“, - აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.