გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბოლო მოვლენების გამო რუსეთი გერმანიისთვის გაზის სანდო მიმწოდებელი არ არის.
პრესკონფერენციაზე შოლცმა თქვა, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდება არ იქნება იმაზე უსაფრთხო, ვიდრე ახლაა იმ პირობებში, როდესაც მოსკოვმა Nord Stream 1-ის სიმძლავრე 40%-მდე შეზღუდა.
„ამიტომ ჩვენ სანდოობას ვანიჭებთ უპირატესობას“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ოლაფ შოლცის განცხადებით, ქვეყნის მოსახლეობა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე მარტო არ დარჩება.
„რთულ პერიოდს ერთად გადავლახავთ. ჩვენ ერთად ვიქნებით, ეს მნიშვნელოვანია. არავინ დარჩება მარტო თავის გამოწვევებთან და პრობლემებთან, არც ერთი მოქალაქე, არც ერთი კომპანია ამ ქვეყანაში. ერთად საკმარისად ძლიერი ვართ, რათა გავუმკლავდეთ ამას და ერთად დავძლევთ პრობლემებს მიმდინარე და მომავალ წლებში“, – განაცხადა შოლცმა.