რუსეთიდან ევროპაში გაზის მიწოდების მოცულობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

ევროპაში რუსული გაზის მიწოდების მაჩვენებელი ბოლო 4 წელიწადში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

თუ უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრამდე რუსეთი ევროპას დღე-ღამეში 400-500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს აწვდიდა, 2022 წლის ივლისის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 100 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირდა.

ამასთან, ევროპა გეოპოლიტიკური რისკების ფონზე გაზის მიწოდების ახალ მარშრუტებს ეძებს. ევროპის ქვეყნები ცდილობენ, შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა, რომელიც რუსული ენერგიის იმპორტის სრული შეწყვეტის შემთხვევაში ამოქმედდება. არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის მცდელობისას, ევროპის ქვეყნებმა გაზის შესყიდვის წყაროების დივერსიფიკაციისთვის ძალისხმევა გააძლიერეს. სახელმწიფოები ცდილობდნენ რეზერვუარების ბუნებრივი აირით შევსებას და LNG-ის შეძენას.

ამასთან, 18 ივლისს აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ  ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის ხელისმოწერის ცერემონია ბაქოში შედგა.

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ზემოაღნიშნული გადაწყვეტა ვერ განხორციელდება მოკლევადიან პერსპექტივაში, ევროპას შესაძლოა, ზამთრის თვეებში მოსახლეობის ენერგორესურსებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სირთულეები შეექმნას.

LNG-ის მიღების ტერმინალები ევროკავშირის ცხრა ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთსა და თურქეთში არსებობს. ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, გერმანია, რუსული გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი, გაზის იმპორტს მხოლოდ მილსადენებით ახორციელებს. LNG იმპორტისთვის სიმძლავრეები აქვს ესპანეთს, რაც დაახლოებით 70 მილიარდი კუბური მეტრია. თუმცა, ესპანეთის გაზის გადაცემის კავშირი ევროპის სხვა ქვეყნებთან ძალიან შეზღუდულია. მაგალითად, არ აქვს კავშირი საფრანგეთთან, რაც იმპორტირებული გაზის სხვა ქვეყნებში ტრანსპორტირებას ხელს უშლის. გერმანიას შეუძლია გამოიყენოს LNG ტერმინალები ნიდერლანდებში, თუმცა ეს მის მოთხოვნას სრულად არ დააკმაყოფილებს.

შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გერმანიაზე ზეწოლის ფონზე, ბერლინის დღის წესრიგში LNG მიმღები ტერმინალის მშენებლობის საკითხი დადგა, თუმცა მაშინ პროცესი ფინანსური მიზეზების გამო შეჩერდა. მოსკოვსა და კიევს შორის ომის შემდეგ ეს საკითხი კვლავ წამოიჭრა და გერმანიამ LNG ტერმინალების მშენებლობის შესახებ განაცხადა.

ევროპაში ბუნებრივი აირის მარაგების შევსების მაჩვენებელი 21 ივლისის მდგომარეობით 64 პროცენტია. ევროპა მიზნად ისახავს ზამთრისთვის გაზის მარაგი შეავსოს, რათა მოსალოდნელ სირთულეებს გაუმკლავდეს.

20 ივლისს ევროკომისიამ წარმოადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც ყველა წევრმა ქვეყანამ გაზის მოხმარება 15 პროცენტით უნდა შეამციროს, რადგან რუსეთისგან ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის საფრთხე არსებობს.