რუსეთი ოდესის პორტზე იერიშს უარყოფს - თურქეთის თავდაცვის მინისტრი

თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი აცხადებს, რომ რუსეთის წარმომადგენლები მათთან საუბარში ოდესის პორტის დაბომბვასთან კავშირს უარყოფენ.

თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოდესის პორტის დაბომბვის საკითხს აქტიურად და დეტალურად სწავლობენ.

„ფაქტი, რომ ასეთი ინციდენტი მოხდა მარცვლეულის გადაზიდვასთან დაკავშირებით გუშინ დადებული შეთანხმების შემდეგ, ნამდვილად გვაშფოთებს. ჩვენ ამ ფაქტით შეშფოთებული ვართ, თუმცა, ვაგრძელებთ ჩვენ მიერ გუშინ მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. შეხვედრებზეც განვაცხადეთ, რომ მომხრე ვართ მხარეებმა მშვიდად და მოთმინებით გააგრძელონ თანამშრომლობა“, – განაცხადა ჰულუსი აქარმა.

უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებიდან ერთ დღეში რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინის ოდესის პორტში ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. რუსებმა ოდესას ოთხი რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ დღეს გაავრცელა.

სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.