ოდესის საზღვაო პორტზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, არიან დაჭრილები, - ამის შესახებ მოქალაქეებისადმი მიმართვაში ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მეორე დღეს რუსეთის ფედერაციამ ოდესის პორტს შეუტია.
„სამწუხაროდ არიან დაჭრილები. პორტის ინფრასტრუქტურა დაზიანებულია. ამ დარტყმის შემდეგ მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს რა არის რუსეთი. ეს არის ტერორისტული ქვეყანა, რომელთანაც შეუძლებელია რაიმეზე მოლაპარაკება. ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა არ არის მხოლოდ დარტყმა, არამედ გზავნილია გაეროსა და მთელი მსოფლიოსთვის, რომ რუსეთი არ აპირებს მოლაპარაკებას ან შეჩერებას“, - განაცხადა მარჩენკომ.
მისი თქმით, უკრაინამ უნდა გამოიყენოს ზეწოლის ყველა შესაძლო ინსტრუმენტი, რათა შეაჩეროს რუსეთის ხელისუფლება.
უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებიდან ერთ დღეში რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინის ოდესის პორტში ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე სტამბოლში ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები.
რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად.