დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ლავროვის განცხადებაზე: რუსეთი ამზადებს ნიადაგს ახალი „რეფერენდუმებისთვის“ ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების გარეთ

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა თვლის, რომ სერგეი ლავროვი ომის „გეოგრაფიის გაფართოებაზე“ საუბრობდა, რადგან რუსეთი ამზადებს ნიადაგს ახალი „რეფერენდუმებისთვის“ ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების გარეთ. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მიმოხილვაში. მისივე ცნობით, რუსეთს ამ განცხადების მიუხედავად, „ომის გეოგრაფიული მიზნები“ არ შეუცვლია. 

შეგახსენებთ, ლავროვმა RT-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო, ომის „გეოგრაფიული მიზნები“ შეიცვალა და ახალი ტერიტორიების დაპყრობით დაიმუქრა, იმ შემთხვევაში თუ პარტნიორები უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას გადასცემენ. ლავროვს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამაც უპასუხა. კულებამ მსოფლიოს მოუწოდა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს და უკრაინას იარაღი უფრო სწრაფად მიაწოდოს.