კონგრესმენი სმიტი: ჩვენ მზად ვართ, უკრაინას მივაწოდოთ HIMARS-ის ტიპის იმდენი საარტილერიო სარაკეტო სისტემა, რამდენიც შეგვიძლია

აშშ-სა და მის მოკავშირეებს შეუძლიათ, უკრაინას მიაწოდონ HIMARS-ის ტიპის ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემების 25-30 ერთეული და მათი მსგავსი ტექნიკა (MLRS). ამის შესახებ  რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ხელმძღვანელმა ადამ სმიტმა განაცხადა, რომელიც კონგრესის სხვა წევრებთან ერთად, კიევს 23 ივლისს ეწვია.

„ჩვენ მზად ვართ, უკრაინას მივაწოდოთ HIMARS-ის ტიპის იმდენი დანადგარი, რამდენიც შეგვიძლია. მაგალითად, 50 ასეთი ერთეულის მიწოდება ალბათ შეუძლებელია, მაგრამ 25-30 ერთეულის - საკმაოდ რეალური“, - განაცხადა სმიტმა. კონგრესმენის თქმით, საუბარია ამერიკულ დანადგარებზე, ასევე მსგავს სისტემებზე დიდი ბრიტანეთიდან და NATO-ს სხვა ქვეყნებიდან.

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი შეიძლება, უფრო სწრაფად დასრულდეს, თუ დასავლეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უფრო დიდი რადიუსის ამერიკული HIMARS-ის მრავალჯერად სარაკეტო სისტემას მიაწვდის. 

,,მარტივი ლოგიკა: რაც უფრო შორს გაფრინდება HIMARS-ის რაკეტები (100+ კილომეტრი), მით უფრო მალე დასრულდება ომი. იქნება ნაკლები სამოქალაქო მსხვერპლი, ნაკლები ეკონომიკური ზეწოლა ევროპაზე, ნაკლები რუსეთისგან მიგრირებულები და საკვების იარაღად გამოყენება“, - აღნიშნა მიხაილო პოდოლიაკმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსულ პოზიციებზე დასარტყმელად ამჟამად იყენებენ რაკეტებს 80 კმ-მდე სროლის რადიუსით.

ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ამ დრომდე მიაწოდა 12 HIMARS-ის სისტემა და კიდევ ოთხის მიწოდება დააანონსა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, წლის ბოლომდე, ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ, სერიოზული ცვლილებები მოხდება. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე კვირაა, უკრაინა HIMARS-ს რუსეთის საბრძოლო მასალების საწყობების განადგურების მიზნით იყენებს, რითაც  რუსეთის სერიოზულ ზიანს აყენებს.

„იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელს ჩვენ ვნახავთ კონტრშეტევით კამპანიას და ის წარმატებული იქნება. HIMARS-მა ომში თამაშის წესები შეცვალა“, - განაცხადა  რეზნიკოვმა Financial Times -თან ინტერვიუში 15 ივლისს.