რეზნიკოვი: წლის ბოლომდე უკრაინის სასარგებლოდ, ბრძოლის ველზე სერიოზული ცვლილებები მოხდება

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, აცხადებს, რომ 2022 წელს უკრაინის შეიარაღებული ძალები, კონრტშეტევაზე გადავლენ.

„იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელს ჩვენ ვნახავთ კონტრშეტევით კამპანიას და ის წარმატებული იქნება“, - განაცხადა რეზნიკოვმა Financial Times -თან ინტერვიუში.

მინისტრმა აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე, ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ, სერიოზული ცვლილებები მოხდება. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე კვირაა, უკრაინა იყენებს HIMARS-ს რუსეთის საბრძოლო მასალების საწყობების განადგურების მიზნით, რითაც რუსეთის სერიოზულ ზიანს აყენებს.

„HIMARS-მა ომში თამაშის წესები შეცვალა“, - აცხადებს რეზნიკოვი.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.