ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გასულ კვირას ენერგეტიკის სფეროში გაფორმებული ისტორიული მემორანდუმის შემდეგ, ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში კასპიის აუზის ქვეყნების როლი იზრდება. მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ნიშა, რომლის სატრანსპორტო არხებსა და ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე მილსადენებში, ევროპის ბაზრისთვის განკუთვნილმა ენერგორესურსებმა უნდა გაიაროს.
რას ცვლის აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ისტორიული ენერგეტიკული მემორანდუმი, ევროკავშირის, სამხრეთ კავკასიისა და კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებისთვის და რა როლი აქვს საქართველოს. ამ და სხვა საკითხებზე ენერგეტიკის ექსმინისტრმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დავით მირცხულავამ Europetime-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ET: 19 ივლისს აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული მემორანდუმი გაფორმდა. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან გაფორმებული მემორანდუმი მომავლის საგზაო რუკაა, თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ აზერბაიჯანი საკვანძო პარტნიორია. რა მნიშვნელობა აქვს ამ მემორანდუმს და რა გავლენა ექნება რეგიონზე ენერგოუსაფრთხოებისა და ზოგადად უსაფრთხოების კუთხით?
უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთი ევროპისთვის და ზოგადად დასავლეთ ევროპისთვის ენერგორესურსების არასაიმედო მიმწოდებელია. როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტი ჩავიდა აზერბაიჯანში, იქ სწორედ ევროკავშირის ქვეყნებისთვის საიმედო მომწოდებლის პოვნაზე იყო ლაპარაკი. ერთ-ერთ კომენტარში მან თქვა, რომ აზერბაიჯანი საკვანძო, მნიშვნელოვანი პარტნიორია.
თავის მხრივ, ილჰამ ალიევი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროპას გაზის მნიშვნელოვანი მოცულობა მიაწოდოს და ევროკავშირი რუსეთის ენერგორესურსების გავლენისგან თანდათან გათავისუფლდეს. 2022 წელს აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის მოცულობას 3 მილიარდ კუბურ მეტრამდე ზრდის. ანალოგიური ზრდა იქნება 2023 წელსაც. 2026 წელს ახალი საბადოების გახსნის შემდეგ, ევროპა კიდევ დამატებით 4 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.
ET: როგორი იქნება ამ მემორანდუმში სხვა ქვეყნების როლი? იგივე თურქმენეთის, რომელსაც გაზის სოლიდური მარაგი აქვს და გასაღების ბაზარს ეძებს?
აზერბაიჯანი ასევე ძალიან ინტენსიურად მუშაობს თურქმენეთთან. 90-იანი წლების ბოლოდან თურქმენული გაზის ექსპორტის მიმართულებით მიმდინარეობდა მუშაობა, შემდეგ იყო გარკვეული პაუზები. ტრანსკასპიური მარშრუტის თემატიკა ყოველთვის იყო დღის წესრიგში. დღეს ეს ძალიან აქტუალური საკითხია. 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გაყიდვა თურქმენეთს უპრობლემოდ შეუძლია. აზერბაიჯანი კი, TAP-თა და TANAP-ით ევროპისთვის ამ მოცულობის მიწოდებას შეძლებს.
- ფაქტია, რომ კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებისთვის გაიხსნა დამატებითი ფანჯარა. სწორედ ამ ქვეყნებისა და მთავრობების აქტიურ მუშაობაზეა დამოკიდებული, რამდენად გამოიყენებენ ამ ახალ შესაძლებლობას. შექმნილი რეალობა დაახლოებით, 20 წლის წინ არსებულ ვითარებას ჰგავს, როცა კასპიის ნახშირ-წყალბადებზე დაიწყო საუბარი და რამდენიმე ქვეყანამ შექმნა ეს ნიშა. დღეს თითქმის ანალოგიური გამოწვევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის.
ET: რას მიიღებს ამ ახალი რეალობიდან გამომდინარე საქართველო?
ბუნებრივია, გაზისა და ნავთობპროდუქტების ასეთი მოცულობების გატარება საქართველოსთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება. მივიღებთ დამატებითი მოცულობების სოციალურ გაზს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გაზი უნდა მიიღოს იმ მომხმარებელმა, რომელსაც რეალურად ეკუთვნის. კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველო დიდ შემოსავლებს მიიღებს. მე მხედველობაში მაქვს ბუნებრივი გაზის მოცულობაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს გაზი დამატებითი ღირებულებებით გამოიყენება ქვეყნის ეკონომიკაში, ენერგეტიკაში. აქცენტი ასევე უნდა გაკეთდეს სოციალურად დაუცველებზე, რათა მათ შეღავათები მიიღონ.
ET: ყველა თანხმდება, რომ კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების ენერგორესურსების ბაზარზე სოლიდური მოთამაშეა ყაზახეთი. პრეზიდენტმა თოყაევმა თქვა, რომ საკუთარი რესურსების გადასაზიდად ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს. რამდენად რეალურია ამ გეგმის განხორციელება?
თოყაევის გეგმების განხორციელება რეალურია. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთმა გამოიყენა თავისი პოლიტიკური ძალა და კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალის ფუნქციონირება სასამართლოს გადაწყვეტილებით შეაჩერა. მერე ისევ დაუშვა და კომპანიას სასაცილო ჯარიმა დააკისრა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მილსადენია, რომელიც ნოვოროსიისკამდე მიდის და მისი მეშვეობით ყაზახური ნავთობის 80% ექსპორტზე გადის.
იყო ვერსია, რომ გაზის ჩასაჭირხვნი მოწყობილობა გაუფუჭდათ, შემდეგ კი, გარემოს დაცვის სტანდარტს არღვევდნენ. ფაქტია, რომ ამან ყაზახეთის პრეზიდენტი აძულა, დაეწყო ფიქრი ალტერნატიულ მარშრუტებზე და ამ ალტერნატიულ მარშრუტებში გაჩნდა ორი ოფციონი. ესაა საქართველოს რკინიგზა, რომლის მეშვეობითაც, ყაზახური ნავთობის საქართველოს პორტებში გადაზიდვა და შემდგომ ევროპაში გატანაა შესაძლებელი. ასევე საუბარია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე, სადაც აზერბაიჯანულ ნავთობთან ერთად მოხდება დამატებით ყაზახური ნავთობის ჩაჭირხვნა. ჩვენ შემთხვევაში, ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, რკინიგზას შეუძლია 4-დან 5 მილიონ ტონამდე ნავთობის გადაზიდვა. საუბარია, რომ ამას დაემატოს 2 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობი.
ბუნებრივია, ასეთი პოტენციალი შესაბამისი სამუშაოს ჩატარების საფუძველზე არსებობს. ყაზახური მხარე აცხადებდა, რომ ამ მარშრუტით 1 ტონა ნავთობის გადაზიდვა $9-ით მეტი ღირდა, მაგრამ ყაზახეთისთვის ეს მაინც მისაღები იყო, რადგან თუ რუსეთმა კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალის ფუნქციონირება შეაჩერა ეს საკმაოდ მძიმე იქნება ყაზახეთისთვის, რადგან ბიუჯეტის 80% ამ სეგმენტიდან ივსება. ამასთან, ყაზახეთის ეკონომიკური უსაფრთხოება რისკის ქვეშაა.
- სწორი იყო და მართებული, რომ ყაზახეთმა დაიწყო ამ ალტერნატიული მარშრუტების ძებნა, საქართველოს აქ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და მნიშვნელოვანი ხდება კასპიის ზღვის ქვეყნებისთვის. გაზთან დაკავშირებით, თურქმენეთიც იწყებს ფიქრს და ყაზახეთთან რამდენიმე სამთავრობო შეხვედრა გამართეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ჩავიდა თურქმენეთში. ეს მიმართულება საკმაოდ მნიშვნელოვანია საქართველოს შემოსავლების ზრდისთვის.
ET: რა როლი აქვს ახალ რეალობაში თურქეთს? ცოტა ხნის წინ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შავი ზღვის შელფზე გაზის სოლიდური მარაგის აღმოჩენის შესახებ განაცხადა. ამასთან, თურქეთი აქტიურად განიხილავს თურქმენული გაზის ევროპაში ტრანზიტის საკითხს.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქეთი ენერგეტიკულ ჰაბად ჩამოყალიბდა. აზერბაიჯანული მილსადენები მათ ტერიტორიაზე გადის. TAP და TANAP-ის ფუნქციონირება სწორედ თურქეთის ტერიტორიებთანაა დაკავშირებული. როგორც კი დაიწყო კასპიის რესურსების გამოყენება, თურქეთი იმ დღიდან არის ჩართული პროექტებში და ცდილობს, თურქმენეთის პოტენციალი გამოიყენოს. სწორედ თურქმენული გაზის ტრანსპორტირების ხელშეწყობაა თურქეთის პრიორიტეტი. ეს ქვეყანა ცდილობს, რომ თურქმენეთის გაზის დიდი მარაგები ევროპის ბაზარზე გავიდეს. თურქეთს აქვს მნიშვნელოვანი როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში.
ET: კასპიის აუზის ქვეყნების რესურსები და საქართველოს სატრანზიტო როლი - რამდენად მზადაა საქართველო და აქვს პოტენციალი, ახალი რეალობის გათვალისწინებით, ეს ფუნქცია წარმატებულად შეასრულოს?
მაგისტრალურ გაზსადენებისა და ნავთობსადენების სახით გვაქვს მზა ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება რკინიგზას, გადაზიდვებში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წილის გასაზრდელად გარკვეული სამუშაო იქნება ჩასატარებელი. თუმცა ის მოცულობა, რაც იყო ნახსენები, 2 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობი, ეს საკითხი შესწავლილია და საქართველოს რკინიგზას აქვს პოტენციალი, ეს მოცულობა გაატაროს, რომელიც შემდეგ ჩვენი პორტების საშუალებით გავა ევროპის ბაზარზე. ყაზახეთის ნავთობის წილი, მსოფლიო ბაზრის 1%-ია. რიგი ქვეყნების მოხმარებაში კი, ყაზახური ნავთობის წილი 20-30%-ს შეადგენს. ყაზახეთი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ჩვენ, როგორც სატრანზიტო ქვეყანას მნიშვნელოვანი როლი გვაქვს. საქართველოს ხელისუფლებამ 90-იან წლებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღო, რის შემდეგაც ჩვენ ეს ფუნქცია მივიღეთ და ამას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, ასევე უსაფრთხოების კუთხით, რადგან ენერგორესურსების სატრანზიტო ქვეყანა ვართ.