ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას, რომლებიც ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს, - ამის შესახებ, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ლევან დავითშვილის თქმით, ხელი მოეწერა ყაზახეთთან სავაჭრო ბრუნვის ნომენკლატურის შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას ყაზახეთსა და საქართველოს შორის.
„ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ხელი მოვაწერეთ რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს. პირველი, ეს შეეხებოდა სავაჭრო ბრუნვის ნომენკლატურის შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას ყაზახეთსა და საქართველოს შორის. ჩვენ შევთანხმდით ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ინოვაციების სფეროსი თანამშრომლობაზე და აქ ჩვენი GITA ჩართული იქნება და ითანამშრომლებს შესაბამის უწყებებთან, ყაზახურ მხარესთან.
ხელი მოეწერა ასევე ორი ქვეყნის რკინიგზას შორის შეთანხმებას, სარკინიგზო გადაზიდვების ხელშეწყობის და თანამშრომლობის კუთხით და რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობის მიმართულებით მთავარია სატრანზიტო ნაკადები. დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო და ე.წ შუა დერეფანი იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და საქართველოთი დაინტერესებულია არამხოლოდ ყაზახეთი, არამედ ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები.
ასევე საუბარი შეეხო ბათუმში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და მოდერნიზებას, იმისთვის, რომ საქართველომ უფრო მეტი მაღალი ღირებულების ტვირთის გატარება შეძლოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ყაზახეთის მიზანია, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობა გაიზარდოს, - ამის შესახებ ყაზახეთის სატრანსპორტო კომიტეტის წარმომადგენელმა ყასიმ ტლეპოვმა 15 ივლისს განაცხადა.
მისი თქმით, ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტი არის ერთად-ერთი ალტერნატიული გზა, ექსპორტის ტრანზიტის დივერსიფიცირებისთვის.
- მარშრუტი აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის ტერიტორიაზე გადის და შემდეგ ტვირთები ევროპაში გადაიზიდება.
„ჩვენს წინაშეა ამოცანა, რათა ამ მარშრუტის გამტარუნარიანობა გაიზარდოს. იგეგმება აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის შექმნა, რაც საშუალებას მოგვცემს ტრანსკასპიურ მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვის პროცესის მოწესრიგებას. პროექტში მსოფლიო ლოგისტიკური კომპანიები ჩაერთვებიან. საბორნე ფლოტის დეფიციტის პირობებში კასპიის ზღვაზე საკუთარი ფლოტის მშენებლობა იგეგმება“, - განაცხადა ტლეპოვმა.
„საზღვაო ტვირთების მოცულობის გაზრდის მიზნით, ჩვენ დავიწყეთ პორტის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და საზღვაო ფლოტის გაფართოება. მჯერა, რომ კასპიის აუზის ქვეყნებთან ერთად, დროულად მოგვიწევს გადაუდებელი ორგანიზაციული საკითხების მოგვარება", - განაცხადა თავის მხრივ, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა 2 ივლისს.
„ყაზახეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ტვირთების გენერირების თვალსაზრისით. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსკასპიური მარშრუტის მხოლოდ 7% გადის, დანარჩენი ნაწილი მოქცეულია ყაზახეთში, უზბეკეთში, თურქმენეთში, აზერბაიჯანში, კასპიის ზღვაზე, შავ ზღვაზე და ა.შ. პრობლემების გორგალი, არა საქართველოს მონაკვეთზე, არამედ სხვა ქვეყნებშია. კერძოდ, ყაზახეთის ტერიტორიაზე. ყაზახეთს უხდება როგორც ტვირთების გენერირება ასევე, გემების მობილიზება თავის ნავსადგურებში. აქტაუს პორტში ხდება ასევე ვაგონების შეგროვება, რომ ეს ტვირთნაკადი ამ მიმართულებაზე გადმორთონ“, - ამბობს „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის”დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი Europetime-თან.
მისივე თქმით, ეს შანსი საქართველომ უნდა გამოიყენოს და ყაზახეთიდან ტვირთების მოსაზიდად ქმედითი ნაბიჯები გადადგას.
„ყაზახეთსა და რუსეთს შორის მთლიანად გაწყდა სატრანსპორტო კომუნიკაცია. ყაზახეთი რუსეთის ვერცერთ ნავსადგურს ვერ იყენებს, რადგან ეს ნავსადგურები სანქცირებულია. თავის მხრივ, ყაზახეთის მიზანი იყო, ბალტიის ქვეყნების ნავსადგურებში გაეშვა ქვანახშირი და ქიმური ტვირთები, ლითონკონსტრუქციები და ა.შ. რაც მის საექსპორტო პოტენციალს წარმოადგენს, მაგრამ აქაც პრობლემა აქვს.
ამ პორტებთან ტვირთებს ვერ უშვებს, რადგან რუსეთის ტერიტორია უნდა გაიარონ და რუსეთი უარს ეუბნება ბალტიის ქვეყნებში ტრანსპორტირებაზე, რადგანაც ყაზახეთმა ცალსახად უარი თქვა რუსეთის პორტების გამოყენებაზე. შედეგად, ყაზახეთის ტვირთების მნიშვნელოვანი ნაკადი - ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ქიმიური ტვირთები, ქვანახშირი, საკონტეინერო ნაკადი, რომელიც ყველაზე ძვირად ღირებული ტვირთია, დღეს-დღეობით არის მომიზნული, რომ საქართველოს მიმართულებით წამოვიდეს. ყაზახეთის ინფრასტრუქტურა არ არის მზად, რადგან ნავთობი მილსადენიით ექსპორტირდებოდა და ახლა პორტებში უნდა დაბრუნდეს. ადაპტირების ეს შესაძლებლობა ჯერჯერობით სირთულეებს წარმოადგენს“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.
„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარების გამო, უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი საქართველოსთან მიმართებით კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა ამ გარემოებისა და ორ ქვეყანაში ვიზიტის ფონზე, სახელშეკრულებო არეალის მიღმა არ უნდა დარჩეს ყაზახეთი.