უკრაინის უმაღლესმა რადამ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პარტია „ხალხის მსახურის“ დეპუტატის, ანდრეი კოსტინის დანიშვნას მხარი დაუჭირა.
კოსტინი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის და უმაღლესი რადას იურიდიული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდეობას იკავებდა. მას მხარი 299-მა დეპუტატმა დაუჭირა. ხმის მიცემის პროცედურას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა. მან გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ანდრეი კოსტინი დღეს წარადგინა.
მანამდე, გენერალური პროკურორის თანამდებობას ირინა ვენედიქტოვა იკავებდა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობებიდან 17 ივლისს გადააყენა გენერალური პროკურორი ირინა ბენედიქტოვა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი.