აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა კონგრესმენ ადამ კინზინგერის მოსაზრებას სრულად იზიარებს იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს. მეთიუ ბრაიზას მიერ ამის თქმის საფუძველი კაპიტოლიუმში გუშინ განვითარებული მოვლენები გახდა, რომელსაც ამერიკელმა დიპლომატმა Europetime-თან საუბრისას ტერორისტული თავდასხმა უწოდა, მის ლიდერად კი მოქმედ პრეზიდენტს მიიჩნევს. ამიტომ, ყოფილ ამერიკელ მაღალჩინოსანს მიაჩნია, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აშშ-ის მომავალი პრეზიდენტებისთვის იქნება "მწვანე შუქი" იგივე დანაშაულის ჩასადენად.
"კონგრესმენმა კინზინგერმა ახლახან თქვა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა, აშშ – ის კონსტიტუციის 25 – ე შესწორების თანახმად. ეს ძალზედ მკაფიო განცხადებაა და მე ვეთანხმები კონგრესმენ კინზინგერს.
მკაფიო გზავნილი უნდა გაიგზავნოს განსაკუთრებით "რესპუბლიკელების" მხრიდან, რომ ტრამპის ქმედება მიუღებელი და უკანონოა. თუ დონალდ ტრამპი უბრალოდ დატოვებს ოფისს და დაიწყებს ახალ ცხოვრებას, მომავალში, აშშ- ის პრეზიდენტები იფიქრებენ, რომ მათაც შეუძლიათ დანაშაულის ჩადენა, როგორც ეს ტრამპის შემთხვევაში მოხდა. ტრამპმა პასუხი უნდა აგოს. ეს იყო ტერორისტული თავდასხმა და ტრამპი იყო სწორედ ლიდერი. მან უნდა დატოვოს თეთრი სახლი და დაიწყოს მისი სისხლის სამართლებრივი დევნა", - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ.