როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები და როგორ არის შესაძლებელი, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ამ რთული მდგომარეობიდან გამოვიდეს, შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ამ შეკითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ ფოკუსი მნიშვნელოვან საკითხებზე შენარჩუნდება.
„ჩვენ ვრჩებით ფოკუსირებული იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია - საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი. ყველა მხარე, რომელიც ამ მომავალში მონაწილეობს, უნდა მოვიდეს [მოლაპარაკების] მაგიდასთან კონსენსუსის მიღწევის მიზნით და საქართველოს სახელით, რათა მან დაიკავოს საკუთარი ადგილი ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
შეერთებული შტატები საქართველოს ყველაზე დიდ დახმარებას უწევს არამხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, არამედ უსაფრთხოების მხრივაც. ამის გამო, ელჩის თქმით, ამერიკისა და საქართველოს ერთმანეთისგან დაშორება, საქართველოს უსაფრთხოების დასუსტებას და ვიწრო ინტერესების გაძლიერებას ემსახურება.
მისი თქმით, „რთულია იმის გაგება, თუ რატომ არის ზოგიერთი პოლიტიკოსი ასე მონდომებული, დაყოს საქართველო და მისი მოკავშირეები, ასეთ დროს. საქართველოს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი.
„ჩვენ, საქართველოს წარმატების მიმართ ერთგულებას ვინარჩუნებთ და ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში დასახმარებლად, რაც არის უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში, ქართველ ხალხთან მუშაობას გავაგრძელებთ“, - აღნიშნავს კელი დეგნანი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.
კელი დეგნანის თქმით, ქართველი ხალხის მხრიდან, მომავლის ხედვა არ შეცვლილა. „წელს მთელს ქვეყანაში ვიმოგზაურე და ყველგან, სადაც მივდივარ, ხალხს, ადგილობრივ ოფიციალურ პირებს, უფრო მჭიდრო კავშირები სურთ და შეერთებულ შტატებთან უფრო ღრმა თანამშრომლობა აქვთ“, - აცხადებს აშშ-ის ელჩი.