"მიხეილ სააკაშვილი ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ქართულ პოლიტიკასაც მთლიანად. სააკაშვილის პოლიტიკურმა რესურსმა თავი ამოწურა და დღის წესრიგის ამოცანებიც ამის მიხედვით შეიცვალა, მისი მთავარი ამოცანაა, მიხედოს ჯანმრთელობას, გადაურჩეს მოსალოდნელ საფრთხეს, სიკვდილს - არანაირი პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილისთვის საინტერესო არ არის, არც საუბრობს ამ თემაზე", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა.
„მას არავის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. მისმა პოლიტიკურმა რესურსმა თავი ამოწურა და დღის წესრიგის ამოცანებიც ამის მიხედვით შეიცვალა. მისი მთავარი ამოცანაა, მიხედოს ჯანმრთელობას, გადაურჩეს მოსალოდნელ საფრთხეს, სიკვდილს. ამ ამოცანიდან გამომდინარე, მისი პოზიცია ასეთია, რომ ვისაც უნდა, მიშა სააკაშვილი ცოცხალი იხილოს, მხარი დაუჭიროს, რომ წავიდეს ამ ქვეყნიდან და იმკურნალოს. არანაირი პოლიტიკა მისთვის საინტერესო არ არის, არც საუბრობს ამ თემაზე. ამბობს, რომ მან ყველა ვალი მოიხადა როგორც პარტიის, ასევე ქვეყნის წინაშე.
დღემდე მეუბნება, რომ ძალიან გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ჩამოვიდოდა მას დააკავებდნენ, მაგრამ ეს არ აშინებდა და კიდევ ერთხელ უნდოდა, დაენახა ყველას, რომ ის არც მშიშარაა და არც ციხის პირობებს გაურბოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სასამართლო რაზეც განაჩენი იყო გამოტანილი, საეჭვო შთაბეჭდილებას ტოვებდა, ის მზად იყო ხელახლა მიეღო მონაწილეობა ყველა სასამართლო პროცესში“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, 10 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას აპირებენ.
9 მაისს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება.
ოჯახი და ექსპრეზიდენტის გუნდის წევრები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 24 მაისს განაცხადა, რომ „ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი“.
შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა.
მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.
- მოსამართლემ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტების შეშვება დაავალა
- ადვოკატის თქმით, სააკაშვილი წოლით რეჟიმზეა, ვერ გადაადგილდება და წონა მკვეთრად დაკარგა