NATO-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მისია კოსოვოში შექმნილ ვითარებას აქტიურად აკვირდება და მზად არის ჩასარევად, თუ სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგება, – ამის შესახებ NATO-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების პრესრელიზშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, კოსოვოს საერთაშორისო ძალები ფოკუსირებულია გაერო-ს მანდატის ყოველდღიურად განხორციელებაზე კოსოვოს მოსახლეობის უსაფრთხო გარემოს და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფისთვის. მათივე ცნობით, NATO-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მეთაური მუდმივ კონტაქტზეა კოსოვოს უსაფრთხოების სტრუქტურებთან და სერბეთის თავდაცვის სამინისტროსთან.
„NATO კვლავ აქტიურად უჭერს მხარს პრიშტინას და ბელგრადს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ევროკავშირის შუამავლობით და მხარეებს მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ღირებულებების, კანონის უზენაესობის, შიდა რეფორმებისა და კარგი მეზობლური ურთიერთობების გარეშე, ბალკანეთში უკეთესი მომავლის პერსპექტივა არ არსებობს. კოსოვოს საერთაშორისო ძალები მიიღებს ყველა საჭირო ზომას კოსოვოში უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. უკრაინული Unian-ი ტელეგრამზე ავრცელებს ფოტოს და წერს, რომ სავარაუდოდ, ჩანს სერბული სამხედრო აღჭურვილობა კოსოვოს ჩრდილოეთით, სოფელ იარინიას მიდამოში. ცნობა ოფიციალურად არ არის ჯერ დადასტურებული. კოსოვოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ სასაზღვრო გადასასვლელი შექმნილი ბლოკადების გამო დაიხურა.
შეგახსენებთ, კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან შედის ძალაში. ამასთან, კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში.
ასევე შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, სერბეთის პროგრესული პარტიის წევრმა, ვლადიმირ ჯუკანოვიჩმა თქვა, რომ აუცილებელია ბალკანეთის ქვეყნების დენაციფიკაცია.
ცნობისთვის, ევროკავშირი, NATO და აშშ მოუწოდებენ კოსოვოსა და სერბეთს, თავი შეიკავონ ცალმხრივი ქმედებებისგან. სერბეთი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა აღიარებს კოსოვოს, თუმცა სერბეთის მოკავშირეები - რუსეთი და ჩინეთი - არა.