უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ ჯერ ნაადრევია რაიმე დასკვნის გაკეთება და შემდგომი მოვლენების პროგნოზირება უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივასთან დაკავშირებით და არ შეიძლება, შეიქმნას ილუზია, რომ რუსეთი თავს შეიკავებს უკრაინის ექსპორტის შეფერხების მცდელობებისგან. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართისას განაცხადა. მისი თქმით, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ინიციატივის უსაფრთხოების მხარეზე, რაც „პარტნიორების, პირველ რიგში, გაეროს და თურქეთის პასუხისმგებლობაა“.
„შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტის ინიციატივის განხორციელება პირველ აგვისტოს დაიწყო. ოდესის პორტი 26000 ტონა სიმინდის გადამზიდავმა პირველმა გემმა დატოვა. ჯერჯერობით ნაადრევია რაიმე დასკვნის გაკეთება და შემდგომი მოვლენების პროგნოზირება. მაგრამ, პორტმა დაიწყო მუშაობა, დაიწყო საექსპორტო მიმოსვლა და ამას შეიძლება, ეწოდოს პირველი დადებითი სიგნალი იმისა, რომ არსებობს შანსი, შეჩერდეს სასურსათო კრიზისის გავრცელება მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, რუსეთი მუდმივად იწვევდა შიმშილს აფრიკისა და აზიის ქვეყნებში, რომლებიც ტრადიციულად უკრაინული საკვების დიდი მოცულობის იმპორტს ახორციელებდნენ.
„ექსტრემალური სიცხის პირობებში,ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შესაძლებელია ფასების კრიზისის საფრთხე და საკვების გარკვეული დეფიციტი შეიქმნას. ასე რომ, ჩვენ ვნახავთ, როგორ იმუშავებს შეთანხმებები და ნამდვილად იქნება თუ არა უსაფრთხოება უზრუნველყოფილი. 16 გემი უკვე ელოდება თავის რიგს და ჩვენ მზად ვართ, სათანადო წვლილი შევიტანოთ მსოფლიო სურსათის ბაზრის სტაბილიზაციაში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის ცნობით, შავ ზღვაში, ოდესიდან გასვლის რიგს 16 გემი ელოდება .
სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან პირველ აგვისტოს გავიდა.