ჩინეთის მუქარის ფონზე, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანშია. ნენსი პელოსი პირველი ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ტაივანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.

ჩინეთი ბოლო დღეების განმავლობაში მუდმივად იმეორებდა გაფრთხილებას, რომ ნენსი პელოსის ტაივანში ჩასვლა საფრთხეს შეუქმნიდა ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გააუარესებდა ურთიერთობას ვაშინგტონთან და სერიოზულ შედეგებს გამოიწვევდა ჩინეთის მხრიდან.

პელოსის ტაივანში ვიზიტის ფონზე, ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში წვრთნები დაიწყო. ჩინეთის საზღვაო უსაფრთხოების ადმინისტრაციის ცნობით, წვრთნები 6 აგვისტომდე გაგრძელდება.

„2 აგვისტოს 00:00 საათიდან 6 აგვისტოს 24:00 საათამდე სამხედრო წვრთნები სამხრეთ ჩინეთის ზღვის ნაწილში ჩატარდება. მითითებულ ტერიტორიაზე შესვლა, რომლის კოორდინატებიც მითითებულია საიტზე, აკრძალულია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თავის მხრივ, ქალაქ დალიანის საზღვაო უსაფრთხოების ადმინისტრაცია (ლიაონინგის პროვინცია, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთი) იტყობინება, რომ პირველ აგვისტოს 14:00 საათიდან 4 აგვისტოს 24:00 საათამდე, ბოჰაის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარდება საცეცხლე წვრთნები. „ეს არ არის ერთადერთი წვრთნები, რომლებსაც ჩინეთი ამ დღეებში ატარებს. გასულ კვირას ჩინეთმა წვრთნები დაიწყო სამხრეთ ჩინეთის ზღვის ოთხ რაიონში გუანდონგისა და ჰაინანის წყლებში. შაბათს, საცეცხლე წვრთნები გაიმართა აღმოსავლეთ პროვინციის ფუძიანის წყლებში, რომელიც ტაივანთან სრუტეს იზიარებს“, - წერს მედია.

Reuters-ის ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით, შეერთებულმა შტატებმა ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განალაგა, მათ შორის, ერთ-ერთი ავიამზიდია.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, „ნენსი პელოსის უფლება აქვს, ეწვიოს ტაივანს და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ადრეც იმყოფებოდა ტაივანში, ყოველგვარი ინციდენტის გარეშე, ისევე, როგორც კონგრესის ბევრ წევრი, მათ შორის, წელსაც სტუმრობდა ტაივანს“.

მისივე თქმით, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ პეკინმა ვიზიტი გადააქციოს რაღაც კრიზისად ან კონფლიქტად, ან გამოიყენოს საბაბად, რათა გაზარდოს აგრესიული სამხედრო აქტივობა ტაივანის სრუტეში ან მის გარშემო“.

კირბის განმარტებით, თეთრი სახლი მოელის შემდგომ „უპასუხისმგებლო რიტორიკას“ ჩინეთისგან, თუმცა შეერთებული შტატები შეეცდება პეკინთან კომუნიკაციის ხაზების შენარჩუნებას.

გაეცანით სტატიას