Reuters-ის ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით, შეერთებულმა შტატებმა ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განალაგა, მათ შორის, ერთ-ერთი ავიამზიდია.
აშშ-ის საზღვაო ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხომალდმა USS Ronald Reagan-მა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ტრანზიტი გაიარა და ფილიპინების ზღვაში იმყოფებოდა, ტაივანის აღმოსავლეთით.
„მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ რეაგირება მოახდინონ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ხომალდების ნორმალური, რუტინული განლაგება”, - განაცხადა თავის მხრივ, აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი მალაიზიის ლიდერს და სხვა ოფიციალურ პირებს ხვდება. ნენსი პელოსი მალაიზიას აზიური ტურნეს ფარგლებში ხანმოკლე ვიზიტით ეწვია.
პელოსის თვითმფრინავი მალაიზიის სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე, დედაქალაქ კუალა ლუმპურის მახლობლად, სამშაბათს დილით დაეშვა. მისი ვიზიტი მოიცავს ლანჩს მალაიზიის პრემიერ- მინისტრ ისმაილ საბრი იაკობთან და შეხვედრას მალაიზიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერთან, აზჰარ აზიზან ჰარუნთან.
პელოსის ვიზიტი მალაიზიაში, სავარაუდოდ, 12 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში გაგრძელდება. კუალა ლუმპურში ჩასვლამდე მან ერთი დღე სინგაპურში გაატარა.
გაეცანით სტატიას