ტაივანში ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის ფონზე, პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტის ფონზე, ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში წვრთნები დაიწყო. ჩინეთის საზღვაო უსაფრთხოების ადმინისტრაციის ცნობით, წვრთნები 6 აგვისტომდე გაგრძელდება.

„2 აგვისტოს 00:00 საათიდან 6 აგვისტოს 24:00 საათამდე სამხედრო წვრთნები სამხრეთ ჩინეთის ზღვის ნაწილში ჩატარდება. მითითებულ ტერიტორიაზე შესვლა, რომლის კოორდინატებიც მითითებულია საიტზე, აკრძალულია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თავის მხრივ, ქალაქ დალიანის საზღვაო უსაფრთხოების ადმინისტრაცია (ლიაონინგის პროვინცია, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთი) იტყობინება, რომ პირველ აგვისტოს 14:00 საათიდან 4 აგვისტოს 24:00 საათამდე, ბოჰაის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარდება საცეცხლე წვრთნები. „ეს არ არის ერთადერთი წვრთნები, რომლებსაც ჩინეთი ამ დღეებში ატარებს. გასულ კვირას ჩინეთმა წვრთნები დაიწყო სამხრეთ ჩინეთის ზღვის ოთხ რაიონში გუანდონგისა და ჰაინანის წყლებში. შაბათს, საცეცხლე წვრთნები გაიმართა აღმოსავლეთ პროვინციის ფუჯიანის წყლებში, რომელიც ტაივანთან სრუტეს იზიარებს“, - წერს მედია.

გაეცანით სტატიას