მოსკოვი, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკრაინასთან მოლაპარაკებებში, პოტენციურ შუამავლად განიხილავს. ამის შესახებ Bloomberg წერს.
გამოცემა ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ თურქეთი დიდი ხანია დაჟინებით ითხოვდა შუამავლის როლს, უკრაინაში სამშვიდობო მოგვარების საქმეში. რუსეთი ჯერ კიდევ თავშეკავებით უყურებდა ამ იდეას, თუმცა, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს ეგრეთ წოდებული „მარცვლეულის შეთანხმების“ დადებამ, რისთვისაც პუტინმა ერდოღანს დღეს პირადად მადლობა გადაუხადა.
თუმცა, რუსეთს ჯერ არ შეუმსუბუქებია თავისი პირობები უკრაინასთან საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით და შეფერხებული სამშვიდობო მოლაპარაკებები ნაკლებად სავარაუდოა, რომ განახლდეს, თუ სამხედრო ბალანსში პუტინის სასარგებლოდ მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდება, წერს Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით.
NATO-ს სხვა წევრების მსგავსად, თურქეთი ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას უკრაინაში, თუმცა ამ ქვეყანას იარაღი არ მიაწოდა. ამავდროულად, ანკარამ ომის გამო თავი შეიკავა რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ისა და ევროპის სანქციებთან შეერთებისგან.
Bloomberg-ის წყარო თურქეთის ხელისუფლებაში ამას იმით ხსნის, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შეერთება ზიანს აყენებს ანკარას ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს - ზარალი $35 მილიარდადაა შეფასებული.
თურქეთისთვის რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიან მოგვარებაში მონაწილეობა საკვანძო საკითხია. გარდა ამისა, შუამავლის როლი გაზრდის ერდოღანის საერთაშორისო ავტორიტეტს – თითქმის 80%-იანი ინფლაციის ფონზე. ამასთან, ის 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება.