ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „ტვ.პირველს“ დაუდასტურა, რომ ამირან გამყრელიძის გადადგომის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას შეასრულებს.
„ვიდრე სხვა მენეჯერს შეარჩევენ, მე მოვალეობას შევასრულებ“, - აღნიშნა გაბუნიამ.
„ნუ გაქვთ მუდმივად დაპირისპირების ძიების მცდელობა. მე რამდენადაც ვიცი, ეს იყო ბატონი ამირანის გადაწყვეტილება და მინისტრთან შეთანხმდა ამაზე“,- განაცხადა გაბუნიამ.
„თანამდებობიდან წასვლაზე დეტალურად მომავალ კვირაში ვილაპარაკებ და მედიასაც შევხვდები“, - განუცხადა გამყრელიძემ Europetime-ს.
მანამდე, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ მას დროებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეცვლის.
ამასთან, აზარაშვილმა აღნიშნა, რომ თანამდებობას ამირან გამყრელიძე საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობას ამირან გამყრელიძე 2013 წლის 7 თებერვლიდან იკავებდა.