თენგიზ ცერცვაძე  COVID-19-ის სამკურნალოდ ახალ აღმოჩენაზე წერილს აქვეყნებს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ით კრიტიკულად მძიმე პაციენტებში ტოცილიზუმაბის გამოყენების ეფექტიანობაზე წერილს აქვეყნებს.

ტოცილიზუმაბის ეფექტიანობის აღმოჩენის შესახებ Europetime-ს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის პრესსამსახურიდან აცნობეს

ეპიდემიოლოგის ცნობით, COVID-19-ით კრიტიკულად მძიმე პაციენტებში, მედიკამენტ ტოცილიზუმაბის გამოყენებამ 24%-ით შეამცირა ლეტალობის მაჩვენებელი და დაახლოებით 10 დღით შეამცირა პაციენტების ჰოსპიტალში დაყოვნების ხანგრძლივობა.

"აღსანიშნავია, რომ მანამდე ჩატარებული ზოგიერთი რანდომიზებული კვლევების წინასწარი შედეგების მიხედვით ტოცილიზუმაბის გამოყენებამ COVID-19-ის სამკურნალოდ ვერ აჩვენა სარწმუნო ეფექტიანობა, რის გამოც ჩვენი ოპონენტები ხშირად გვაკრიტიკებდნენ ჩვენც და ჩვენს პროტოკოლებსაც. მაგრამ ჩვენ გვჯეროდა, რომ პაციენტების სწორად შერჩევის და მედიკამენტის სწორად გამოყენების შემთხვევაში ტოცილიზუმაბი შეიძლება სერიოზული სარგებლის მომტანი ყოფილიყო და ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი მიდგომების სისწორე ასეთი სერიოზული კვლევის შედეგებით დადასტურდა.

ჩვენ ჯერ კიდევ ა.წ. 17 ივნისს გამოვაქვეყნეთ პოსტი, რომელშიც დეტალურად აღვწერეთ ტოცილიზუმაბის და კონვალესცენტის პლაზმის წარმატებული ერთობლივი გამოყენება 83 წლის კრიტიკულად მძიმე COVID-19-ით პაციენტთან (ე.ლ), რომელსაც აღენიშნებოდა ე.წ. „ციტოკინური შტორმი“ და სადაც ინტენსიური თერაპიის ყველა სხვა მეთოდი ეფექტს არ იძლეოდა. პაციენტი განიკურნა.

2020 წლის 7 იანვარს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალურმა სამსახურმა (NHS) გამოაქვეყნა ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული დიდი კლინიკური კვლევის „REMAP-CAP“ წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც COVID-19-ით კრიტიკულად მძიმე პაციენტებში, მედიკამენტ ტოცილიზუმაბის გამოყენებამ 24%-ით შეამცირა ლეტალობის მაჩვენებელი და დაახლოებით 10 დღით შეამცირა პაციენტების ჰოსპიტალში დაყოვნების ხანგრძლივობა, რის გამოც პუბლიკაციაში ტოცილიზუმაბით მკურნალობა მოხსენიებულია, როგორც ახალი, სიცოცხლის გადამრჩენი მკურნალობა და დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ქვეყნის კლინიკებში ამ მედიკამენტის ხელმისაწვდომობა.

ტოცილიზუმაბი წარმოადგენს IL-6-ის რეცეპტორის საწინააღმდეგო მონოკლონურ ანტისხეულებს და შეუძლია სერიოზული პოზიტიური გავლენა მოახდინოს ე.წ. „ციტოკინურ შტორმზე“, რაც COVID-19-თ პაციენტებში დაავადების დამძიმების და სიკვდილობის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია.

ჩვენ ჯერ კიდევ COVID-19-ს პანდემიის ადრეული პერიოდიდან COVID-19-ის სტანდარტულ მკურნალობასთან ერთად დავნერგეთ (ვიყენებთ) ახალ ინოვაციურ მიდგომებს - ტოცილიზუმაბი, პლაზმაფერეზი, სისხლის ექსტრაკორპურული გაწმენდა სპეციალური სორბენტების გამოყენებით, კონვალესცენტის პლაზმა და სხვ., რამაც საშუალება მოგვცა გადაგვერჩინა არაერთი კრიტიკულად მძიმე ავადმყოფი. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ამ მეთოდზე ჯერ ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევები დასრულებული არ არის და საბოლოო შედეგები არ დადებულა. თუმცა, მათი მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით თითეული ეს მეთოდი კონკრეტულ პაციენტებში შესაძლოა სასარგებლო იყოს. რის გამოც აშშ FDA-ის ამ მეთოდებზე გაცემული აქვს გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვა (Emergency use authorization).

ტოცილიზუმაბი ძლიერმოქმედი პრეპარატია, აქვს მკაცრად განსაზღრული ჩვენებები და უკუჩვენებები. ამიტომ ამ მედიკამენტის დანიშვნა და გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი კომპეტენციის და გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ. ქვეყანაში მოქმედი პროტოკოლით მედიკამენტ ტოცილიზუმაბის გამოყენების შესაძლებლობა განხილულ უნდა იქნეს გადაუდებელ შემთხვევებში - კრიტიკულად მძიმე COVID-19-ით ავადმყოფებში მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ დროს. კლინიკურ პრაქტიკაში ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ დროს ცალკეულ შემთხვევებში ტოცილიზუმაბის ალტერნატივად იყენებენ კორტიკოსტეროიდების მაღალ დოზებს - ე.წ. „პულს თერაპიის“ სახით, მაგრამ ეს მეთოდი ტოცილიზუმაბთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ეფექტიანია“, - აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის წერილში.