ენტონი ბლინკენი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ხაზს უსვამს სოლიდარობის მიზნით საქართველოსა და უკრაინის ხალხის ერთად დგომის საჭიროებას

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში, ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინის ხალხის ერთმანეთისადმი სოლიდარულობის საჭიროებას. რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავისადმი მიძღვნილ განცხადებაში ბლინკენი ამბობს, რომ აშშ საქართველოს ხალხის მტკიცე მხარდამჭერი რჩება, ცდილობენ რა ისინი, დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და იპოვონ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა“.

თოთხმეტი წლის წინ ამ დღეს რუსეთი შემოიჭრა სუვერენულ საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ გვახსოვს რუსეთის ძალების მიერ მოკლული და დაშავებული მოქალაქეები. ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ცხოვრობენ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ, ათიათასობით ადამიანი დევნილად იქცა და სიღატაკეშია. მათ საარსებო საშუალება და სიცოცხლე წაართვეს. მიმდინარე წელს, რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში, ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინის ხალხის ერთმანეთისადმი სოლიდარულობის საჭიროებას.

ქართველმა ხალხმა კარგად იცის, როგორ იწვევს რუსეთის აგრესიული ქმედებები, მათ შორის დეზინფორმაცია, ე.წ. ბორდერიზაცია და მასობრივი გადაადგილება გაჭირვებასა და ნგრევას. რუსეთი პასუხისმგებელი უნდა იყოს იმ ვალდებულებებზე, რომლებიც მან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აიღო - გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე და დაუბრკოლებლად დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. 

მან ასევე უნდა გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება. ეს აუცილებელია იმისთვის, რათა ისინი სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნდნენ.

აშშ მტკიცედ რჩება საქართველოს ხალხის მხარდამჭერი, ცდილობენ რა ისინი, დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და იპოვონ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზა“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.


 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია.

რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.