დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჯერ კიდევ მოქმედმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თანამდებობიდან წასვლაზე ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვება ჯანდაცვის მინისტრისა და მისი „ორმხრივი გადაწყვეტილება“ იყო.
„ნამდვილად მივდივარ. დღეს იქნება შეხვედრა სამინისტროში, გავივლით იმ საკითხებს, რაც ეხება ყველაფრის ხავერდოვნად გადაბარებას. მოგეხსენებათ, ჩვენი ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა, აქ ძალიან ბევრი საქმე კეთდება და ეს საქმე, რომ არ იყოს მიშვებული, გარდამავალი პერიოდის გეგმას დავსახავთ და ამის შემდეგ მე დავტოვებ პოსტს... [პოსტის დატოვება] ორმხრივი გადაწყვეტილება იყო", - განაცხადა გამყრელიძემ.
5 აგვისტოს, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ მას დროებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეცვლის.
ამასთან, აზარაშვილმა აღნიშნა, რომ თანამდებობას ამირან გამყრელიძე საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობას ამირან გამყრელიძე 2013 წლის 7 თებერვლიდან იკავებდა.