უილიამ კორტნი: დასავლეთი ახლა უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს

ექსკლუზივი

საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 14 წლის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების კვლავ გაანალიზება რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე გვიწევს. ამერიკელ დიპლომატები და ყოფილ ოფიცილურ პირები, რომლებსაც Europetime ესაუბრა, თვლიან, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციის მნიშვნელობა და კრემლის საგარეო პოლიტიკის კიდევ უფრო აგრესიულობისკენ გადახრა, დასავლეთისთვის უფრო ცხადი გახდა მაშინ, როდესაც 6 წლის შემდეგ, 2014 წელს კრემლი უკვე უკრაინაში შეიჭრა.

ამჟამად კი, ისევ ამ ქვეყანაში აწარმოებს ომს - ამან Europetime-ის რესპონდენტებს ახალი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა მისცა. მაგალითად, მიიჩნევენ, რომ დასავლეთი ახლა უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს. აქვე ყურადღებას ამახვილებენ ერთ დეტალზე - მოსკოვის ინტერვენციები ადასტურებს ერთ რამეს  -  კრემლი თვლის, რომ დემოკრატიული პროგრესი მეზობელ ქვეყნებში, საფრთხეს უქმნის რუსების ტოლერანტულ დამოკიდებულებას ავტორიტარული მმართველობისა და შეზღუდული თავისუფლებების მიმართ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის უილიამ კორტნის შეფასებით, დასავლეთმა საქართველოში რუსეთის 2008 წლის ინტერვენციის მნიშვნელობა 2014 წელს უფრო მკაფიოდ იგრძნო, როდესაც კრემლი უკრაინაში შეიჭრა.

ახლა კი, უილიამ კორტნის განცხადებით, უკრიანის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულმა მიმდინარე ომმა და დასავლეთის ძლიერმა მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ, ყველაზე შესამჩნევი გახადა კიდევ ერთი ცვლილება - დასავლეთი უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს.

„2014 წელს უკრაინაში რუსეთის პირველი შეჭრის შემდეგ, უფრო ნათელი გახდა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა 2008 წელს, საქართველოში რუსეთის ინტერვენციას. ადრე დასავლეთი ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული, რამდენად განსაკუთრებულ ფაქტთან ჰქონდა საქმე 2008 წელს საქართველოზე რუსეთის თავდასხმის სახით. ეს ალბათ, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამუდმებით მასხრად იგდებდა კრემლს და პირადად, პრეზიდენტ პუტინს. უკვე 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის იერიშის შემდეგ, დასავლეთმა საქართველოში შეჭრა აღიქვა, როგორც რუსეთის უწყვეტი ნაბიჯი სტაბილური ევოლუციის, უფრო აგრესიული საგარეო პოლიტიკისა და უფრო რეპრესიული შიდა პოლიტიკის მიმართულებით. 

ერთად რომ ავიღოთ ეს ორივე ინტერვენცია, ასეთი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია: კრემლი თვლის, რომ დემოკრატიული პროგრესი მეზობელ ქვეყნებში, საფრთხეს უქმნის რუსების ტოლერანტულ დამოკიდებულებას ავტორიტარული მმართველობისა და შეზღუდული თავისუფლებების მიმართ. მეორე მხრივ, დასავლეთი უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს. ეს ცვლილება მიმდინარე ომმა და დასავლეთის ძლიერმა მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ, ყველაზე შესამჩნევი გახადა“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა. 


ცნობისათვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია.

რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.