ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ წარმოებული სამხედრო წვრთნები იმ გეგმის ნაწიილია, რომელსაც პეკინი კუნძულზე შეჭრისთვის ამზადებს.
ჯოზეფ ვუს არ უსაუბრია ტაივანში შესაძლო შეჭრის ვადებზე, თუმცა აღნიშნა, რომ ტაივანს არ ეშინია.
„ჩინეთმა გამოიყენა წვრთნები თავისი სამხედრო სახელმძღვანელოდან, რათა მოემზადოს ტაივანში შეჭრისთვის”, - თქვა ვუმ ტაიპეიში გამართულ პრესკონფერენციაზე Reuters-ის ცნობით.
მისივე თქმით, ჩინეთი ატარებს ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს და უშვებს რაკეტებს. ახორციელებს კიბერშეტევებს, მიმართავს დეზინფორმაციას და ეკონომიკურ იძულებას, რათა ტაივანში საზოგადოებაზე გავლენას მოახდინოს.
„სწავლების დასრულების შემდეგ, ჩინეთმა შესაძლოა, სცადოს თავისი ქმედებების რუტინიზაცია, რათა დაანგრიოს გრძელვადიანი სტატუს-კვო ტაივანის სრუტეზე“, - განაცხადა ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჩინეთი არასოდეს გამორიცხავდა ტაივანის ძალით აღებას. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვან ვენბინმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთი ჩვეულებრივ სამხედრო წვრთნებს „ჩვენს წყლებში“ ღია, გამჭვირვალე და პროფესიონალურად ატარებს და დამატა, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია.
ტაივანი უარყოფს ჩინეთის პრეტენზიებს და ამბობს, რომ მხოლოდ ტაივანის ხალხს შეუძლია, გადაწყვიტოს კუნძულის მომავალი.
ვინ ცნობს ტაივანს
ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს, მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი.
ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ.
გაეცანით Europetime-ის სტატიას