ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია გლობალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის

„რუსი ოკუპანტების ყირიმში ყოფნა საფრთხეა მთელი ევროპისთვის და გლობალური სტაბილურობისთვის. არ იქნება სტაბილური და გრძელვადიანი მშვიდობა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ბევრ ქვეყანაში, ვიდრე რუსეთს ჩვენი ნახევარკუნძულის სამხედრო ბაზად გამოყენება შეუძლია“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„როდესაც ჩვენ ვიღწვით ნახევარკუნძულის გათავისუფლებისთვის, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის და უკრაინის მკვიდრი ხალხებისთვის სამშობლოში დაბრუნებისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.


დე ფაქტო ხელისუფლების თქმით, ყირიმში სამხედრო აეროდრომზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, ნოვოფედორივკის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის კომენტირებისას განაცხადა, რომ ვერ დაადგინა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ უსაფრთხოების წესებზე მიუთითებს. Reuters-ის ცნობით, ბოლო ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა.

თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ ფაქტი შესაძლოა, ინფორმაციულ ომში გამოიყენოს. „ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა „შემთხვევით“ იპოვონ რაიმე მახასიათებელი – „შევრონი“, „სავიზიტო ბარათი“ ან თუნდაც „დნმ". შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ენდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის უწყება.

უკრაინის ნახევარკუნძული, რომლის ანექსია მოსკოვმა 2014 წელს მოახდინა, პოპულარული ადგილია რუსი ტურისტებისთვის და გავრცელდა ერთ-ერთი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტუმრები პლაჟიდან გარბიან.