რუსი ბიზნესმენისა და ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის „ლონდონის იმპერია “სანქციების გამო ჩამოინგრა. მისი ქონება საფეხბურთო კლუბ „ჩელსიდან“-მდიდრულ სახლებამდე და Evraz Plc-ის წილით დაყადაღებულია. ამის შესახებ Bloomberg წერს.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე „მილიარდერების ინდექსის“ მიხედვით, რომან აბრამოვიჩის ლონდონის აქტივები $4,8 მილიარდს შეადგენდა. უკანასკნელი დარტყმა აბრამოვიჩმა გასულ თვეში მიიღო, როცა MHC-მა, რომელიც კონფლიქტამდე მისი ოჯახის ოფისის შემადგენლობაში ფუნქციონირებდა, ლიკვიდაციაზე შეიტანა განაცხადი.
- რუსი მილიარდერები, აბრამოვიჩი და უსმანოვი დიდი ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების ტოპ 10-ს გამოეთიშნენ
Bloomberg წერს ბიზნესმენის სასახლეზე, რომელიც კენსინგტონში - ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების, ფოლადის მაგნატის ლაკშმი მიტალისა და Warner Music Group-ის მფლობელი ლეონიდ ბლავატნიკის მეზობლად მდებარეობს. ახლა ეს სახლი სანქციების გამო დაყადაღებულია.
გამოცემა წერს, რომ 55 წლის აბრამოვიჩი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული რუსი ოლიგარქია, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ლონდონის ეკონომიკაში მილიარდების ინვესტიცია ჩადო. მან ჩელსის საფეხბურთო კლუბი 2003 წელს £140 მილიონად შეიძინა. გაყიდვამდე აბრამოვიჩმა კლუბისთვის £1 მილიარდის დაფინანსება უზრუნველყო, ხოლო გარიგებიდან თანხების ნაწილი უკრაინის დასახმარებლად გამოიყო. კლუბის ახალი მფლობელთა ჯგუფი, ტოდ ბოჰლის ხელმძღვანელობით, შემდგომში £1.75 მილიარდის ინვესტიციის პირობით £2,5 მილიარდის გადახდას დათანხმდა.
ცოტა ხნით ადრე, სანამ დიდი ბრიტანეთის სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდებოდა, აბრამოვიჩი ლონდონში ორი საკუთრების გაყიდვას ცდილობდა. თუმცა, მას ქონების გაყიდვა აღარ შეუძლია, სანამ გაერთიანებული სამეფოს სანქციების ქვეშ იმყოფება.
ასევე, ნებისმიერი ნაღდი ფული, რომელიც აბრამოვიჩს ქვეყანაში აქვს შენახული, ანგარიშებზე გაყინული რჩება. რუს ოლიგარქს არ აქვს უფლება გაყიდოს წილი Evraz-ში, რომელიც მისი ყველაზე დიდი აქტივი იყო და მაისში დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა.