რუსული ვერტმფრენი Mi-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში უნებართვოდ შევიდა. საზღვარი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კოიდულას სასაზღვრო გადასასვლელის მიდამოში დაირღვა.
ინციდენტთან დაკავშირებით ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი გამოიძახა და ესტონეთის საჰაერო საზღვრის დარღვევის გამო საპროტესტო ნოტა გადასცა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რუსეთის აგრესია უკრაინაში მკაცრად დაგმო. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციამ პატივი უნდა სცეს ესტონეთის ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს და საერთაშორისო სამართალს.
ცნობისთვის, ესტონეთი რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინას აქტიურად უჭერს მხარს. ცოტა ხნის წინ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გამო, რუსეთის პრეზიდენტმა და რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა აგონ. მისი თქმით, „კაცობრიობას ახალი ნიურნბერგი სჭირდება“.